"არ იყო იცით მარტივი აქამდე მოსასვლელი გზა. იცით, რა გამოვიარეთ მეც და ლევან იოსელიანმაც, ჩვენმა პარტიამ, სანამ აქამდე მოვიდოდით, თუმცა ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით აქ", — განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო დღე აქვს. ის პირველ სხდომას დაესწრება, სადაც ოპოზიციის მანდატების შეწყვეტას უყრიან კენჭს.

ელისაშვილმა ისევ იმაზე ისაუბრა, რომ მოლაპარაკების შედეგად 4 პოლიტპატიმარია თავისუფალი და ისევ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ბოლოს მოლაპარაკებებში მხოლოდ პარტია მოქალაქეები მონაწილეობდა.

"ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი არის გათავისუფლებული, ვისზეც ვლაპარაკობდით და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შედეგად გამოვიდა ბოლოს 2 ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში არის ამ ქვეყნის პერსპექტივა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას", — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ მემორანდუმში მხოლოდ 1 პუნქტია, რომელსაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა სჭირდება და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამისთვის მაინც ისინი ერთი დღით უნდა შევიდნენ პარლამენტში. საუბარია, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე.

"მემორანდუმში არის ძალიან ბევრი პუნქტი ჩამოთვლილი. ერთადერთ საკითხს სჭირდება საპარლამენტო არჩევნების 113 ხმა და იმ ერთადერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს ოპოზიცია, თუ უნდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი", — განაცხადა მან.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

გუშინ, პირველ თებერვალს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომელსაც მხოლოდ მას შემდეგ გაახმოვანებენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებენ, ან უარყოფენ.