საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა. მათი ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ", — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.