ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მათ პოლიტსაბჭოს სხდომაზე "წამოეწია" და განიხილეს. მისი თქმით, სასწორის ორივე პინაზე, ბევრი არგუმენტი ჰქონდათ.

"სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა, ასე ვთქვათ, ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, არგუმენტების ჭიდილი, როდესაც იყო ან შეწყვეტის ან არშეწყვეტის მიმართულებით, იქ ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული. მათ შორის, საუბრის დროს ამაზეც ვილაპარაკეთ და ერთ-ერთ არგუმენტად, ერთი მხრივ, ბუნებრივია, ესეც განვიხილეთ. მათ შორის, ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, იყო ბევრი არგუმენტი სასწორის ორივე პინაზე და ხვალ ყველაფერი დეტალურად გახდება თქვენთვის ცნობილი", — განაცხადა მან.

დღეს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ ოპოზიციის მანდატების საკითხზე გარკვეული მოსაზრება ჩამოაყალიბეს, რომელსაც ხვალ საპარლამენტო უმრავლესობას წარუდგენენ და შემდეგ საზოგადოებას გააცნობენ.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მმართველ პარტიას მოუწოდა, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის "ნაადრევი გადაწყვეტილება" და ოპოზიციას "სწორი გადაწყვეტილების" მისაღებად მისცეს დრო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს. ხვალ 2 თებერვალას კი, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.