საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას მოუწოდა, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის "ნაადრევი გადაწყვეტილება" და ოპოზიციას "სწორი გადაწყვეტილების" მისაღებად მისცეს დრო. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

"მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივი სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს; უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი", — განაცხადა მან.

ხვალ, 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი კი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.