მოდის ბრენდი Vetements შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ჰონგ-კონგის დემონსტრაციების თემის გამოყენების გამო გააკრიტიკეს. როგორც ვეტმოს აღმასრულებელი დირექტორი, გურამ გვასალია აღნიშნავს, კატალოგით წარდგენილი ზოგიერთი ლუქი ერთგვარი ალუზიაა ჰონგ-კონგში ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებზე, რომლის დროსაც პოლიციამ პროტესტანტების ამოსაცნობად ლურჯსაღებავიანი წყლის ჭავლი გამოიყენა. გვასალიას თქმით, კოლექცია იმ "ჯოჯოხეთითაა შთაგონებული, რომელში ცხოვრებაც გვიწევს".

დიდი გამოხმაურების მქონე ლუქებს შორის აღმოჩნდა მაისური, წარწერით "გვასალია ვეტმოსთვის", რომელიც ბერნი სანდერსის კამპანიის პოსტერის სტილში იყო შექმნილი; ასევე შავი ბალაკლავა "დახეული ჯინსით" და ანარქიის ამოტრიალებული სიმბოლო მოდელის შიშველ მკერდზე.

მოდის ინსტაგრამბლოგ Diet Prada-ს განცხადებით, ვეტმოს აქამდეც აქვს შექმნილი პოლიტიკური განცხადების მქონე კოლექციები — როგორიც, მაგალითად, SS19-ის ლუქების სერია იყო, რომელიც საქართველოში სამოქალაქო ომის პერიოდს ეხმიანებოდა — თუმცა, ამჯერად ასეთი დატვირთვის მქონე სამოსის წარდგენა შეუფერებელი იყო, რადგან "ლურჯი საღებავი ის არაა, რაც დემონსტრანტებს მათი ნებით ჰქონდათ გამოსახული". ბლოგის აუდიტორიის ნაწილს მიაჩნია, რომ კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხა ჰონგ-კონგში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს უნდა გადაერიცხოს, ვინც მოძრაობაშია ჩართული, სხვაგვარად "ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ პროტესტის 'ესთეტიკა' და დემოკრატიული მოძრაობა მხოლოდ გამოიყენეს კოლექციისთვის".

მოდის ინდუსტრიის მიმომხილველი რამდენიმე გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კონტინენტურ ჩინეთში კოლექციას მოწონებით არ შეხვდებიან, რადგან "დემოკრატიული ღირებულების მქონე აქტივისტების მხარდაჭერად აღქმული ნებისმიერი ქმედება ანტიჩინურად მოინათლება და დაიგმობა".

ფოტო: Vetements

ფოტო: Vetements

ფოტო: Vetements

ვეტმო 2014 წელს დააფუძნა ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, თუმცა 2019 წელს მან ბრენდი დატოვა. ამის შემდეგ კომპანიას მისი ძმა, გურამი უძღვება. მოდის სახლმა სახელი პოპკულტურის და მისი ცალკეული სუბკულტურის ელემენტების თუ სლოგანების სამოსზე გამოტანით გაითქვა. ლუქების უჩვეულო, პოსტმოდერნული ესთეტიკა დადებით გამოხმაურებასთან ერთად კრიტიკასაც იღებს — ზოგიერთ კრიტიკოსს მიაჩნია, რომ ბრენდის წარმოებული კოლექციები უშინაარსოდაა მხოლოდ შოკის ეფექტზე ორიენტირებული.