ჩინეთის ერთ-ერთ აეროპორტში ოთხმა კაცმა 30 კილოგრამი ფორთოხალი ნახევარ საათზე ნაკლებ დროში შეჭამა, რათა ბარგის გადასახადი თავიდან აეცილებინათ.

იუნანის პროვინციაში მივლინებით მყოფმა ოთხმა თანამშრომელმა ფორთოხლებით სავსე დიდი ყუთი შეიძინა, თუმცა როცა შინ დასაბრუნებლად აეროპორტში მივიდნენ, ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ ბარგისთვის კიდევ 300 იუანის (47 დოლარის) გადახდა მოუწევდათ. როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა იმაზე მეტი იყო, ვიდრე მათ ჰქონდათ, შესაბამისად, ერთადერთ გამოსავლად ყუთის შიგთავსისთვის მუსრის გავლება რჩებოდა.

დრო ცოტა იყო, საქმე კი — ბევრი, თანაც, "მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო", ამიტომ ტვირთი თანაბრად გაინაწილეს და ელვის სისწრაფით, 30 წუთამდე დროში გადასანსლეს ყველა ფორთოხალი.

"უბრალოდ, ვიდექით და ყველაფერს ვჭამდით. სულ რაღაც, 20-30 წუთში მოვრჩით, თუმცა აღარცერთ ჩვენგანს ფორთოხლის დანახვა აღარ უნდა", — ამბობს ოთხი თანამშრომლიდან ერთ-ერთი.

სამწუხაროდ, ბევრი ციტრუსის ერთიანად მიღების გამო მგზავრებს პირის ღრუს პრობლემები შეექმნათ.