არაღიარებულ ქვეყნებს შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი საფეხბურთო ფედერაციების ასოციაცია (CONIFA) ავრცელებს, რომელიც FIFA-სგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

თამაშები 9-19 ივნისს გაიმართება. არაღიარებული ქვეყნები რომელთა შორისაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი არიან, ოთხ ჯგუფად გადანაწილდნენ:

  • პირველი ჯგუფი: ნიცის საგრაფო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, პადანია, აფხაზეთი;
  • მეორე ჯგუფი: საპმი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი (მთიანი ყარაბაღი);
  • მესამე ჯგუფი: სზეკელი, ჩამერია, სარდინია, კორნუოლი.

ამასთან, CONIFA-მ სარეზერვო გუნდების სია წარადგინა — ორი სიცილია, კარპატია და რომას ხალხი — იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე კვალიფიცირებული გუნდებიდან ვეღარ შეძლებს ტურნირში მონაწილეობას.

ორგანიზაციის ევროპის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიცაში ჩასვლისას ყველა გუნდს კორონავირუსის ტესტის გაკეთება მოუწევს.

On.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა და უწყების განცხადებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

არაღიარებული ქვეყნები FIFA-სა და UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებში მონაწილეობას ვერ იღებენ. CONIFA 2013 დაფუძნდა და პირველი ჩემპიონატი 2014 წელს შვედეთში გამართა. აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გუნდებს დე ფაქტო ქვეყნებიდან და რეგიონებიდან.