მარველის ახალი სერიალი, WandaVision, მხოლოდ ამ კინოსამყაროს მოყვარულებისთვის კი არა, კარგი სერიალების მოყვარულებისთვისაც აღმოჩენა იყო, რადგან სტანდარტული სუპერგმირების ამბებისგან განსხვავებული სანახაობა ვიხილეთ. შოუმ კრიტიკოსების და ფანების გული თანაბრად მოიგო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ბლოკბასტერებისთვის დამახასიათებელი დაძაბულობა შოუში დეტალებამდეა შემცირებული და ამბის აგება და დაძაბული სიუჟეტის განვითარება მცირე მინიშნებებით ხდება, სერიალი მეოცე საუკუნის რამდენიმე ათწლეულის ერთგვარ კარიკატურას გვთავაზობს და ძალიან სასაცილოა, თუმცა არც დრამატული მომენტების ნაკლებობა იგრძნობა. ნახეთ 8 მიზეზი, რის გამოც შოუ არ უნდა გამოტოვოთ.

1. სიტკომებისთვის დამახასიათებელი თხრობის სტილი და მათი შარჟი

ფოტო: Marvel Studios

შოუ შავ-თეთრი კადრებით იწყება და სიტკომებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი ინტრო აქვს, რაც კლასიკური სიტკომებისთვის ერთგვარი პატივის მიგებაა, თუმცა სერიალის შემქმნელები არც მათზე ხუმრობას ერიდებიან და ამის გამო, WandaVision სრულიად ახალი გამოცდილებაა, რომელიც ყველასთვის საყვარელ შოუებსაც გვახსენებს და ამავდროულად მწარედ დასცინის მათ. სუპერგმირებზე გადაღებული შოუებისთვის დამახასიათებელი ეფექტებიც კი 60 წლის წინანდელი ტექნიკური შესაძლებლობების ჩარჩოშია მოქცეული.

2. რეკლამები

ფოტო: Marvel Studios

შოუს საკუთარი სარეკლამო ჭრები აქვს, რომელშიც "თანამედროვე" ტოსტერის თუ მამაკაცის საათის რეკლამას შეხვდებით. სტილიზებული რეკლამების მიზანი იმ დროის სოციალურ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებაა და ამავე დროს გარკვეული დაძაბულობის, ერთგვარი მინიშნებების წყაროც კი არის.

3. ოჯახური ცხოვრებისა და ქალთა უფლებების საკითხები

ფოტო: Marvel Studios

50-იან და 60-იან წლებში ქალთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და ოჯახური წესრიგის იმდროინდელი გაგება სერიალის მთავარი თემაა, თუმცა ეს მეტია ვიდრე კომენტარი და ამ "წესრიგის" რღვევაზე მინიშნებებით კონკრეტულ დროში მიმდინარე პროცესს აანალიზებს.

ვანდას პერსონაჟის უუნარობა, რომ იმ "იდეალურ" სისტემას მოერგოს, რომელიც ქალებს კონკრეტულ მოვალეობებს უწესებს, საფრთხეს შეიცავს. ვანდას უეცარი გამოთიშვები ყოველდღიური სიტუაციებიდან და მისი გადაღლა მოლოდინს ქმნის, რომ ყველაფერი ერთ გარდამტეხ მომენტამდე უნდა მივიდეს, რომელიც არსებულ წესრიგს დაანგრევს.

4. შავ-თეთრი კადრების და ფერების კომბინაცია

ფოტო: Marvel Studios

შავ-თეთრ სიუჟეტში ყველა უჩვეულო დეტალი ფერადოვნებით იჭრება და ცხოვრების რიტმს არღვევს, რაც გვახვედრებს, რომ ეს პატარა, მოწესრიგებული ქალაქი ბევრად მეტ დაფარულ ამბავს ინახავს, ვიდრე ვანდას და ვიჟენის მოსიყვარულე წყვილის სუპერ ელფერია.

5. მზარდი დაძაბულობა და იდუმალება

ფოტო: WandaVision

კითხვები, კითხვები და უფრო მეტი კითხვები შოუს მთავარი ხიბლია, ახალ-ახალი გაურკვევლობა და დეტალები, რომლებიც გახვედრებს, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვლება. სუპერგმირებზე გადაღებული მრავალი ფილმისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფად გადადიან მოქმედებაზე, WandaVision კომპლექსური სიუჟეტის აგებაზე, ხიფათისა და იდუმალების მცირე დეტალებით შექმნაზეა ორიენტირებული.

6. შესანიშნავი მსახიობები

ფოტო: Marvel Studios

ელიზაბეტ ოლსენის და პოლ ბეტანის დაუვიწყარ გარდასახვას სხვადასხვა დროით სივრცეში ბრწყინვალე მსახიობები უმაგრებენ ზურგს, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული კეტრინ ჰანის ბრწყინვალე შესრულებაა. მსახიობი სამეზობლოს ჭორების მცოდნე, ფლირტის მოყვარე, ენამწარე დიასახლისის როლს კარგად ირგებს და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ შოუს განვითარებასთან ერთად აღმოვაჩენთ, რომ ეს სახასიათო პერსონაჟი უბრალოდ დიასახლისი სულაც არ არის.

7. გამორჩეული იუმორი

ფოტო: Marvel Studios

შოუს ყურებისას მრავალი საპირისპირო შეგრძნება დაგეუფლებათ დაძაბულობას, სევდიანი მომენტები შეცვლის ან შოკისმომგვრელი ეპიზოდები, მაგრამ ყველა სცენა გულიანი სიცილით დასრულდება, რაც პირველ რიგში კეტრინ ჰანის დამსახურებაა. შოუ დასცინის ოჯახური ცხოვრების დამკვიდრებულ კანონზომიერებებს, სექსზე არსებულ ტაბუებს და სოციალური სტატუსის დამკვიდრების მცდელობას.

8. სრულყოფილი ვიზუალი

ფოტო: Marvel Studios

შოუს ბიუჯეტი ვიზუალური შედევრის შესაქმნელად დაიხარჯა და შედეგი ნამდვილად უმაღლესი ხარისხის არის. თავიდან შეიძლება ვერც გაიგოთ რა ხდება, მაგრამ სერიალი აუცილებლად ჩაგითრევთ და ერთი ამოსუნთქვით უყურებთ, რადგან ეკრანზე დატრიალებული სანახაობა სიმსუბუქით, შესანიშნავი კოსტიუმებით, გამართული სცენარით და გამორჩეული მონტაჟით მოგნუსხავთ.

21 სერიალი, რომელსაც 2021 წელს ყველაზე მეტად ველოდებით