საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისგან, ნებისმიერი სიტყვისგან, რომელმაც თეორიულადაც კი შეიძლება დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირებას შეუწყოს ხელი. გახარიას თქმით, გარეჯის მომავალსა და სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ურთიერთობას ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს.

"დავით გარეჯის საკითხის ნებისმიერ სახით, ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიზირება არის უაღრესად მაღალი რისკის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, ყველას უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა და უნდა დაველოდოთ იმ საგამოძიებო პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს. საერთო, სახელმწიფოებრივი, ეროვნული მიდგომა უნდა იყოს ეს", — განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარი პატიმრობიდან 28 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ეს თანხა იმავე დღეს, მოძრაობა #სირცხვილიას ორგანიზებით, ორ საათში სრულად შეგროვდა.