მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს, სადაც მომღერალი თითქმის ორი თვე მკურნალობდა.

როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. ის ამ დრომდე რეანიმაციაში იყო.

თემურ წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 იანვარსაც გავრცელდა, თუმცა ოჯახის წევრებმა და კლინიკამ აღნიშნული უარყვეს.

თემურ წიკლაური იყო ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ასევე, ანსამბლ ივერიას სოლისტი. მას მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ს დამსახურებული არტისტის (1980 წელი), სახალხო არტისტისა (1990 წელი) და თბილისის საპატიო მოქალაქის (2010 წელი) წოდებები. ასევე, 1997 წელს ღირსების ორდენი გადაეცა.

მისი შესრულებით ცნობილია ისეთი სიმღერები, როგორიცაა "ჩემი თბილისი და ფიროსმანი" (ნ. გიგაური), "საქართველოს მანანებო" (კ. ცაბაძე), "იყიდება საქართველო" (ა. ბასილაია), "დინამო" (ვ. აზარაშვილი) და სხვა.

2014 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.