General Motors-მა, აშშ-ში ავტომობილების უდიდესმა მწარმოებელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ 2035 წლისთის, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს.

ავტომწარმოებლისთვის ეს დიდი ვალდებულებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ GM-ის გაყიდვების უდიდესი ნაწილი სწორედ ბენზინზე მომუშავე მანქანებზე მოდის და არა ელექტრომობილებზე. ამიტომ, კომპანიას ელექტრომობილების წარმოების დაწყება უკვე აქტიურად მოუწევს.

ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტრანსპორტის მიმართ გაზრდილი ყურადღება, ნამდვილად სასიამოვნოა. ეს ჩვენი პლანეტის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

GM-ის გენერალურმა დირექტორმა მერი ბარამ განაცხადა, რომ კომპანია 2040 წლისთვის ნახშირბადის ემისიის მხრივ სრულად "ნეიტრალური" იქნება.

"უახლოესი ოცი წლის განმავლობაში, ჩვენი პროდუქტები გამონაბოლქვს აღარ წარმოქმნის." — თქვა მერი ბარამ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებისკენ, კომპანიებს სახელმწიფოებიც მოუწოდებენ. ამის კარგი მაგალითია, კალიფორნიის შტატი, რომელმაც 2035 წლისთვის საწვავზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვა აკრძალა. ასევე, მნიშვნელოვანია, ჯო ბაიდენის ინიციატივა, რის მიხედვითაც, ფედერალურ საკუთრებაში არსებული ყველა ავტომობილის ელექტრომობილებით ჩანაცვლება უნდა მოხდეს.