საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეული გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ გადაცემების დახურვა არ იგეგმება. ამის შესახებ მაღლაფერიძე ფეისბუკზე წერს:

"დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!"

მაღლაფერიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, საიდან იცის მავანმა რაც მაუწყებლის ადმინისტრაციას ჯერ არ განუცხადებია:

"არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ! და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ - წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ - იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!"

გადაცემა რეალური სივრცის დახურვის, ასევე, მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვის და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის შესახებ განცხადება კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის გაავრცელა.

მაღლაფერიძის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო, ორშაბათს, 6 თებერვალს, 12 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას თავის ხედვას გააცნობს მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.