ბელარუსის გენერალური პროკურატურა ქვეყანაში ამჟამად საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გამოყენებადი თეთრ-წითელი დროშის ექსტრემისტულად აღიარებისთვის დოკუმენტთა პაკეტს ამზადებს. Deutsche Welle-ის ცნობით, ბელარუსის ოპოზიცია დროშის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ითხოვს.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეპარტამენტმა "ექსტრემისტული" სიმბოლოების საჯაროდ დემონსტრირების აკრძალვის მოთხოვნით 100-ზე მეტი მოთხოვნა მიიღო.

თეთრი დროშები წითელი ზოლით შუაში, ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოა. მომიტინგეები წითელ და თეთრ დროშას იყენებენ, როგორც ერთ დროს დამოუკიდებელი ბელარუსის სიმბოლოს, რომელსაც არ ჰქონდა თვითმყოფადობის კრიზისი.

პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბელარუსის დროშა თეთრი იყო, რომელსაც შუა ნაწილში წითელი ჰორიზონტალური ხაზი ჰქონდა. საბჭოთა ბელარუსმა სხვა დროშა შექმნა, რომელსაც ქვეყანა ამ დრომდე იყენებს.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლოდ ძველი, რამდენიმე თვიანი დამოუკიდებლობის პერიოდის დროშა აქციეს, რაც დაახლოებით იმგვარ ემოციებს შეიძლება ატარებდეს, რასაც ჩვენთვის 1918-21 წლების რესპუბლიკა.

რა ხდება ბელარუსში?

ბელარუსი ხალხი 9 აგვისტოს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რომლის თანახმადაც, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო და როგორც თვითონ განაცხადა, გაიმარჯვა. მომიტინგეები ითხოვენ:

  • ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და რიგგარეშე არჩევნების მის გარეშე გაიმართოს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
  • შეწყდეს პოლიციური ძალადობა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.

საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოცხადდა. ტიხანოვსკაიას მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.

ტიხანოვსკაიას ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის თითქმის ყველა წევრი დაიჭირეს, ნაწილმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.

გაიგეთ მეტი: