შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სენაკში პოლიციამ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებულ პირის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება ოთხ ადამიანს მიაყენა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.