პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა. ამის შესახებ გახარიამ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა და WHO-ს დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის", — წერს ის.

მისივე თქმით, ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება.

სავარაუდოდ, საუბარია კოვაქს პლატფორმიდან მისაღებ ვაქცინის დოზაზე. როგორც NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობდა, ამ საკითხზე გადაწყვეტილება 29 იანვარს უნდა მიეღოთ, და შესაძლოა, მოგვიანებით გამხდარიყო ცნობილი. On.ge ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას მთავრობის ადმინისტრაციასთან.

Pfizer-ის ვაქცინის შემოტანასა და მისი შენახვის შესაძლებლობაზე რამდენიმე კვირის წინ სამედიცინო სფეროში განხილვა იყო. გამყრელიძის თქმით, ქვეყანა 300 ათასი Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც -70°C-ზე ინახება, თავისუფლად დაასაწყობებს და ამისთვის რამდენიმე მაცივარი უკვე გამოათავისუფლეს.

ამავე თემაზე: