საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, ისევ მოუწევთ ციხეში დაბრუნება. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"აღკვეთი ღონისძიების დროებით შეცვლა, არ არის გამართლება. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს არ გაუმართლებია. მათი საქმის განხილვა ჯერ არც კი დაწყებულა. ეს პროცესი წარიმართება, ბრალდების მხარე გამოიკვლევს უტყუარ მტკიცებულებებს და ჩვენი პოზიცია, რომელიც მტკიცებულებებით არის გამყარებული, უდავოდ გამოიწვევს მოცემულობას, რომ მათ ისევ მოუწევთ დაბრუნება იმ დაწესებულებებში, რომლებიც გუშინ დატოვეს", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ "დანაშაულისთვის", რაც ჩაიდინეს. პროკურორის განცხადებით, აღნიშნული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.