ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, არავითარი ტერიტორიის დათმობა არ მომხდარა, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია, რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს ასეთი სახით საქართველოს საზღვრებში არ ყოფილა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"პროკურატურის პირველი მთავარი ბრალდება რაც არის, 34,8 კვადრატული კილომტერის, თითქოსდა საქართველოს მიკუთვნებული, რაც უწერიათ თავიანთ დასკვნაში, ტერიტორიის დათმობა მეორე ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის ოფიციალური ბრალდება პროკურატურის. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ყბადაღებული 200-ათასიანი მასშტაბის რუკიდან, რომელიც თითქოსდა აღმოაჩინეს, რასაც, მე ვაცხადებ, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები. რამეთუ, არ მომხდა არავითარი ტერიტორიის დათმობა, იქედან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია, რაც წარმოდგენილია პროკურატურის მიერ, არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არასოდეს ასეთი სახით არ ყოფილა საქართველოს საზღვრებში", — განაცხადა მელაშვილმა.

მელაშვილმა აქამდეც რამდენჯერმე განაცხადა, რომ 1:200 000-იანი რუკაზე აპელირება არ შეიძლება, რადგან დიდი შეცდომების მქონე რუკაა და ისინი, ვინც ამაზე აპელირებენ, ან არ იციან საქმე, ან რაღაც დილეტანტური მისწრაფებაა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.