პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ნაციონალური მოძრაობის დაშლა. პალიტრანიუსის ეთერში ხვიჩიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს არ უნდა საკუთარი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა.

"მე მათი [ნაციონალური მოძრაობის წევრების] პარლამენტში შეყვანა მინდა, დაშლა კი არა, გაძლიერება მინდა. მიხეილ სააკაშვილს უნდა დაშლა. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ ესენი გახდნენ მათხოვრები, ქუჩაში, რომ არაფერი არ ჰქონდეთ დასაკარგი. არანაირი პარლამენტის ტრიბუნა არ ჰქონდეთ. ფიზიკურად, აი, რაც მოგეცით, იმისთვის მოგეცით, რომ მე მემსახუროთ. ეს არის დამოკიდებულება. ეს 35 ადამიანი, ისე რომ საერთოდ არ გამოჩენილა საჯარო სივრცეში, ფიზიკურად მიდის პარლამენტიდან ისე, ვერც კი მოასწრეს ერთი სადეპუტატო სიტყვის თქმა", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩია განმარტავს, მისი აზრით, რატომ არ უნდა ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში შესვლა. იგი ამას სწორედ სააკაშვილის მიერ პარტიის დანარჩენი წევრების კონტროლს უკავშირებს.

"ფაქტობრივად, რას ამბობს ქართული ოცნება — რა ღირებულებას წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში?! 36 კაცია და ეგ ერთი კაცია ყველა, მიშაა. ყველაში მიშა სუფევს. ესენი არ არიან დამოუკიდებელი ხალხი. შესაბამისად, მასეთი ადამიანების იქ ყოფნას... რა პარლამენტს ეს გაამრავალფეროვნებს?! ეგ არის ქართული ოცნების პოზიცია და შესაბამისად, ამას სჭირდება პასუხი", — განაცხადა ხვიჩიამ.

იგი ამბობს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ანგრევს ნაციონალურ მოძრაობას.

"ფიზიკურად, ეს ხომ ანგრევს ნაციონალურ მოძრაობას. აღმოვაჩინეთ, რომ 36 კაცი შეიყვანა პარტიამ, რომელიც თურმე 36 კი არ არის, ერთია. რასაც ის ერთი იტყვის, ყველა იმას ასრულებს ისე, რომ ლაპარაკის უფლებაც კი არ აქვთ. წარმოიდგინეთ, როგორი რეჟიმია?! ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ. ხალხი გახდნენ დეპუტატები, კარგავენ დეპუტატის მანდატს და ლაპარაკის უფლებაც არ აქვთ", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.