სწორ დროსა და სწორ ადგილას აღმოჩენა რომ ხშირად ბევრ რამეს წყვეტს, ეს ექვს ორეგონელ მგზავრს კარგად მოეხსენება. მაშინ, როდესაც უამრავ ადამიანს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად წინასწარ ჩაწერა და ხანგრძლივი ლოდინი უხდება, თოვლიან გზატკეცილზე საცობში მოხვედრილები სრულიად მოულოდნელად აიცრნენ.

კალიფორნიის საზღვართან ახლოს, ჯოზეფინის რაიონში, სახელმწიფო ჯანდაცვის წარმომადგენლები ადგილობრივ სკოლაში ვაქცინაციის სამდღიან პროცესს აწარმოებდნენ, თუმცა ადგილის დატოვება მოსალოდნელი ქარბუქის გამო მოუხდათ.

მგზავრებს თან Moderna-ს ვაქცინის ექვსი დოზა ჰქონდათ, რომელიც საგანგებოდ იყო გადადებული მეზობელ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, თუმცა ქარიანმა და თოვლიანმა ამინდმა გზაზე საცობი შექმნა.

რადგან ქარბუქით შექმნილი წინაღობის გადალახვას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებდნენ, ვაქცინას კი მხოლოდ ექვსსაათიანი ქმედუნარიანობა ჰქონდა, მათ ახლომახლო დაიწყეს ისეთი მგზავრების ძიება, ვისაც აცრა ენდომებოდა.

მანქანიდან მანქანამდე სიარულში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მათი შეთავაზების პასუხად არაერთგვაროვანი რეაქციები მიიღეს, შემდგომ კი მგზავრების დარწმუნებაც მოუხდათ, რომ ეს ხუმრობა არ იყო.

მიუხედავად ამისა, ერთ ადამიანს ამბავი ისე გაუხარდა, რომ მანქანიდან გადმოვიდა და პერანგი შემოიხია. ერთ-ერთი ქალი კი, ქალაქისკენ სწორედ ვაქცინის მისაღებად მიიჩქაროდა, რაშიც ქარბუქმა შეუშალა ხელი.

ფოტო: CountyJosephine / Twitter

საბედნიეროდ, გზაზე გაჭედილ მანქანებს შორის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც იყო, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, იღბლიანი მგზავრებისათვის ექიმის მომსახურებაც შესაძლებელი იქნებოდა.