ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიც არის, რომ ქართველებს საშუალება გვექნება ნებისმიერ მუსიკალურ ფესტივალს უვიზოდ დავესწროთ. ადრე, როცა საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე დასწრება გინდოდა, ჯერ ვიზა უნდა აგეღო, რომელსაც ან მოგცემდნენ ან - არა. შესაბამისად, ფესტივალის ან კონცერტის ბილეთების შეძენაც ბევრად სარისკო იყო. ახლა უკვე ყველაფერი გაცილებით მარტივია - საკმარისია კონცერტის ბილეთები შეიძინოთ, უვიზოდ მიმოსვლის სულ რამდენიმე მოთხოვნა დააკმაყოფილოთ და სამგზავრო ჩემოდანი ჩაალაგოთ.

ზაფხული ამ მხრივ გამორჩეული პერიოდია. ევროპაში უამრავი მუსიკალური ფესტივალი ტარდება, სადაც ცნობილი ჯგუფებისა თუ მუსიკოსების მოსმენა შეგიძლიათ. ჩვენ გთავაზობთ 2017 წლის ზაფხულის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალებს.

1. პოლონეთი, გდინია - Open'er Air 2017 (28 ივნისი - 1 ივლისი)

ფოტო: somusic.pl

პოლონური Open Air 28 ივნისს აიღებს სტარტს და 4 დღე გაგრძელდება. აღნიშნულ ფესტივალზე დაუკრავენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან Foo Fighters, Mac Miller, The Weeknd, James Blake და რაც მთავარია, Radiohead.

Radiohead მაყურებლის წინაშე ფესტივალის გახსნის დღეს, 28 ივნისს, ოთხშაბათს წარდგება და როგორც ამბობენ, ძველ ჰიტებთან ერთად, ახალ ალბომში შესულ სიმღერებსაც შეასრულებს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა ჯგუფმა ბოლო ალბომი 2016 წლის 8 მაისს გამოუშვა.

აღნიშნულ ფესტივალს უკვე სტუმრობდნენ Alt-J, Chet Faker, Tom odell, The Prodigy და სხვები.

ფესტივალი პოლონეთის ქალაქ გდინიაში გაიმართება. ფესტივალის 4-დღიანი აბონემენტი 150 ევრო ღირს (639 PLN), ხოლო მხოლოდ ერთი დღეზე დასასწრები ბილეთის ფასი 55 ევროდან (239 PLN) იწყება.

არტისტების სრული სიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

2. სერბეთი, ნოვი სად - Exit Music Festival 2017 (6-9 ივლისი)

Line Up

Line Up

ფოტო: Exit Music Festival

Exit Festival 6-დან 9 ივლისის ჩათვლით ტარდება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალია. 2017 წლის ზაფხულში მაყურებლის წინაშე წარდგებიან Liam Gallagher, Hardwell, Paul Kalkbrenner, Duke Dumont, Alan Walker, Robin Schulz და სხვები.

ამ არტისტების მოსასმენად სერბეთში, ნოვი სადში უნდა ჩახვიდეთ. პრომო ბილეთი £97 ფუნდ-სტერლინგი ღირს, ხოლო VIP GOLD - £242.

ბილეთების შეძენა ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

3. საფრანგეთი, პარიზი - Lollapalooza Paris 2017 (22-23 ივლისი)

2017 წლის ზაფხულში პარიზში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება. Lollapalooza Paris 2017 22-23 ივლისს გაიმართება. შეგიძლიათ მოუსმინოთ შემდეგ ჯგუფებსა და მუსიკოსებს: RED HOT CHILI PEPPERS, Imagine Dragons, Lana Del Rey, Alt-j, Oscar and the wolf, Cinamon, The Roots, Dj Snake, Milky Chance და სხვ.

ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ტარდება და უამრავ წარმატებულ და ცნობილ მუსიკოსს მასპინძლობს. სხვა ფესტივალების მსგავსად, Lollapalooza Paris 2017-ზე დასასწრები ბილეთების ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება. სტანდარტული ორდღიანი აბონემენტი 149 ევრო ღირს, ხოლოდ VIP ბილეთის ფასი 500 ევროს აღწევს.

ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ საიტს.

4. გერმანია, ნოიშტად გლევე - Airbeat One 2017 (13-16 ივლისი)

ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის გერმანიაში ნამდვილი სამოთხეა. Airbeat One 2017 ზაფხულში, 13-დან 16 ივლისამდე ცნობილ მუსიკოსებს უმასპინძლებს. თუ გადაწყვეტთ აღნიშნულ ფესტივალზე დასწრებას, თქვენ გელოდებათ: Armin van Buuren, Axwell Λ Ingrosso, Hardwell, Tiësto, Paul Kalkbrenner, Oliver Heldens და Lost Frequencies.

Airbeat One-ის ისტორიაში ეს იქნება მეთექვსმეტე ფესტივალი. ამ დროის განმავლობაში, ფესიტვალმა უკვე მოასწრო სახელის მოხვეჭა და უამრავი ერთგული სტუმრის შეძენა.

ვიდეოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორი იყო 2016 წლის ფესტივალი და დაფიქრდეთ, იქნებ ეს სწორედ ისაა, რაც ზაფხულში გჭირდებათ?

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების ფასი განსხვავდება სერვისების მიხედვით. მაგალითად, VIP ბილეთი, რომელიც 3-დღიან აბონემენტსა და სხვა პრივილეგიებს მოიცავს, 189 ევრო ღირს.

სრული Line-up-ის ნახვა და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

5. დანია, როსკილდი - Roskilde Festival 2017 (24 ივნისი - 1 ივლისი)

ჩვენ უკვე დავწერეთ სტატია, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ დანიაში, თუმცა ახლა კიდევ ერთ მიზეზს გაგიმხელთ. დანიის ერთ-ერთ ქალაქში, როსკილდში 24 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება. Roskilde Festival 2017 სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანებს თანაბარ სიამოვნებას ჰპირდება და ისეთ არტისტებს წარმოგიდგენთ, როგორებიც არიან: Foo Fighters, Lorde, BLINK-182, BRYSON TILLER, THE WEEKND, MODERAT/MODESELEKTOR, ARCADE FIRE, NEUROSIS და სხვები.

Roskilde Festival 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. გასულ წელს აღნიშნული ფესტივალის მთავარი სტუმარი Red Hot Chili Peppers იყო.

მოწვეული მუსიკოსების სრული სია და ბილეთების ფასები შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.

თუ გადაწყვეტთ რომელიმე ფესტივალზე დასწრებას, აუცილებლად გადახედეთ ჩვენს სტატიებს: