სახალხო დამცველის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებამ დაარღვია ივერი მელაშვილის კანონმდებლობით დაცული უფლება ადვოკატთან კონფიდენციალურ კომუნიკაციაზე და აღნიშნული ქმედების განმახორციელებელ პირთა დისციპლინური წესით პასუხისმგებლობა მოითხოვა.

"სახალხო დამცველის რწმუნებულთა მიერ შედგენილი ოქმებით, N8 დაწესებულებიდან მოპოვებული დოკუმენტაციისა და სხვა მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ივერი მელაშვილი შეხვდა ადვოკატს, რომელთანაც განიხილავდა დაცვის სტრატეგიის საკითხებს. მან ადვოკატის მიწოდებულ რუკებზე გააკეთა კომენტარები მინაწერის სახით და ითხოვა მასალების ადვოკატისთვის გადაცემა. ადვოკატისთვის დოკუმენტაციის გადაცემის ნაცვლად, დაწესებულების თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ კომენტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს რუკების ჩაბარება", — აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის განცხადებით, კანონმდებლობა ადვოკატისთვის გადასაცემი დოკუმენტაციის შინაარსობრივ გაცნობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ ამ პრივილეგიით სარგებლობა ბოროტად, დანაშაულებრივი მიზნით, ან ციხის რეჟიმის საზიანოდ ხდება, მოცემულ შემთხვევაში კი მსგავსი ვარაუდის რაიმე საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად, დაწესებულება ივერი მელაშვილის ჩანაწერებს შინაარსობრივად არ უნდა გასცნობოდა.