პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ ის და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან მმართველ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ ქართული ოცნების ლიდერებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავართვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ხელი მოვაწერეთ, ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე", —განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის განმარტებით, ისინი შეთანხმდნენ ელექტორნული არჩევნების წესზე. კერძოდ, იმისთვის, რომ ე.წ. კარუსელის პრევენცია მოხდეს, იქნება თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა.

"ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ როგორც კი დაიხურება უბნები გვეცოდინება შედეგი. ამ პროექტის მიხედვით სამი კამერა იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიხსნება 100 მეტრამდე. ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ ამ ყველაფრის ინიცირება პარლამენტში 1 მარტამდე არ მოხდება, როგორც შევიდნენ, ისე გავლენ უკან.

რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, მან განაცხადა, რომ დოკუმენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ასახეს.

"დოკუმენტში ჩვენ ავსახეთ ყველა ის მნიშვნველოვანი საკითხი, რომელიც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციასთან იყო პრაქტიკულად შეთანხმებული. კონკრეტულად ეს არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო პროცედურებს და საარჩევნო ბარიერსა და პროპორციების გადანაწილებას თვითმართველობის არჩევნებზე", — განაცხადა მან.

ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის შეხვედრა დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. პარტია მოქალაქეების ლიდერები არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს აქამდეც შეხვდნენ. ელისაშვილის განმარტებით, მათ სურდათ გაერკვიათ, აპირებდა თუ არა მმართველი პარტია კომპრომისზე წასვლას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისას. მისი თქმით, დეტალურად განიხილეს ოთხივე პუნქტი, რასაც ჯერ კიდევ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებისას ითხოვდნენ. მაშინ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ, ქართულ ოცნებასა და მოქალაქებს შორის შეთანხმება შედგება. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს მოქალაქეების ლიდერებს პოლიტპატიმრებზე არ ესაუბრნენ.

გუშინ, 28 იანვარს, კარტოგრაფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერს ცვლის, რადგან მათთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო პარლამენტში შესასვლელად. მისივე თქმით, ხვალ პარლამენტში არ შევა, რადგან საარჩევნო საკითხები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი.