იტალიელმა ფოტოგრაფმა, ალბერტო გიზმა იტალიაში, ქალაქ პარმასთან ახლოს იშვიათი მოვლენა დააფიქსირა, რომელიც მთვარის ფერადი ჰალოს სახელით არის ცნობილი. მან საღამოს 10-დან 12 საათამდე ასობით სურათი გადაუღო ამ წარმტაც სანახაობას.

ალბერტო გიზის ფოტოზე აღბეჭდილია მთვარე, რომელიც ცისარტყელითაა გარშემორტყმული. ამ მოვლენას მთვარის კორონასაც უწოდებენ და იგი მაშინ შეინიშნება, როდესაც მთვარის ზედაპირიდან არეკლილი სინათლე მის გარშემო არსებულ წყლის ნაწილაკებსა და ყინულის კრისტალებზე გარდატყდება.

ჰალო შეიძლება წარმოიქმნას მზის ან მთვარის ირგვლივ (ან სინათლის ხელოვნური წყაროს ირგვლივაც), როცა ცივა და ყინულის კრისტალები (ე.წ. ალმასის მტვერი) ახლოსაა ჰაერში. კონკრეტული ჰალოს ტიპი დამოკიდებულია კრისტალების ფორმასა და დამზერის მიმართულებაზე. ყინულის კრისტალები პრიზმებისა და სარკეების ფუნქციას ასრულებენ, გარდატეხენ და აირეკლავენ სინათლის სხივებს, სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიან მათ — წერს Astronet.

აღსანიშნავია, რომ ის, თუ როგორ გამოჩნდება ჰალო, დამოკიდებულია დამკვირვებლის პოზიციაზე. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული დამკვირვებელი თავის, განსაკუთრებულ ჰალოს ხედავს.

"მთვარის ფერადი ჰალო ბევრჯერ მინახავს, თუმცა ახლა პირველად შევძელი მისი ფოტოსურათზე აღბეჭდვა. ამ დროს სახლში ვიყავი და საჭირო აღჭურვილობაც მქონდა იმისთვის, რომ ეს მომენტი კარგად გადამეღო", — ამბობს ალბერტო გიზი.

ამ ახალგადაღებულ ფოტოზე მთვარის კრატერებიც ნათლად ჩანს. გადაღების დროს, ცა თითქმის მოწმენდილი იყო, ამიტომ ალბერტო გიზის კამერამ ჰალოს მიღმა მოკაშკაშე ვარსკვლავებიც დააფიქსირა.