ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის წესები იცვლება. კერძოდ, მათ შეეძლებათ შემოვიდნენ ნეგატიური PCR ტესტით და 8-დღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ განმეროებითი ტესტი და გათავისუფლდნენ იზოლაციისგან.

"1-ლი თებერვლიდან ფრენების აღდგენასთან ერთად, კერძოდ, ექნებათ არჩევანის უფლება შემოვიდნენ ნეგატიური ტესტით და 8-დღიან იზოლაციაში გადაინაცვლონ ან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ ტესტი და თავისუფალი არიან იზოლაციისგან. ვისაც არ ექნება ნეგატიური ტესტი, 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება", — განაცხადა თურნავამ.

თურნავას განმარტებით, აქამდე მოქალაქე ნეგატიური PCR ტესტით შემოდიოდა და 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიოდა. PCR ტესტის გარეშე შემომსვლელები კი გადადიოდნენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.