გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და NATO-სკენ მისწრაფებას. ოფიციალურ განცხადებაში, რომლითაც ჯონსონი საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ამ თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს, ხაზგასმულია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

"ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ NATO-ს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებები. აქვე, ბორის ჯონსონი საარჩევნო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

"ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში", — აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

იგი შეეხო COVID-19 პანდემიით გამოწვეულ საფრთხეებს და გამოთქვა სურვილი ამ კუთხითაც ითანამშრომლოს საქართველოსთან.

"გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, როცა გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ითანამშრომლებენ მტკიცე საფუძვლის შექმნაზე COVID-19-ის დასაძლევად, მათ შორის უფრო სამართლიანი, მწვანე და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე", — აცხადებს ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სამომავლოდ, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა არსებობს.