კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათი მიზანი არა ცენზურა, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და მაყურებლის ინტერესის დაცვაა. ეს განცხადება კახა ბექაურმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ახლო კადრის გამო მთავარი არხი სამართალდამრღვევად ცნო და გადაწყვიტა, რომ კადრი, სადაც მაჭავარიანი, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს, უხამსობაა.

"პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მიმართ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი მოქმედებს, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიმართ და ამ სიუჟეტში დარღვევას არ ჰქონია ადგილი. [...] ჩვენ დავიცავთ მაყურებლის უფლებებს, რათა არ ხდებოდეს მედიაში უხამსობით, შეურაცხყოფით, სიძულვილით განსხვავებული აზრის დევნა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც სწორედ ამას ემსახურება, ჩვენ დავადგინეთ დარღვევა, მაგრამ მაუწყებელი პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლეთ, რადგან ჩვენი მიზანი კონკრეტული მაუწყებლის დაჯარიმება არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა დავნერგოთ მაღალი სტანდარტი ერთობლივად, არა მხოლოდ კომისიამ, არამედ მედიამ, რესპონდენტებმა და საზოგადოებამ ერთად. გვსურს, რომ მედია დაიცალოს უხამსობისგან და სიძულვილის ენისგან იმისთვის, რომ დავიცვათ მაყურებელი, როგორც ამას დასავლურ ქვეყნები აკეთებენ", — განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიამ გადაწყვიტა, რომ მთავარი არხის ეთერში მინისტრ ივანე მაჭავარიანის ახლო კადრი უხამსობა იყო და ტელეკომპანია სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სანქცია არ დააკისრა. საუბარია კადრზე, სადაც ჩანს, რომ მინისტრი პარლამენტში ყოფნისას, სავარაუდოდ, სასქესო ორგანოს იფხანს. კომისია ამ კადრს "არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მოისმინეს მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღეს.