CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. კითხვას — "რამდენად უჭერთ მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში?" — ჯამში 73% პასუხობს დადებითად (41% — "სრულად ვუჭერ მხარს", 32% — "ძირითადად ვუჭერ მხარს").

ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 71% ნატო-ში გაწევრიანებასაც ემხრობა: 42% სრულად უჭერს მხარს, ხოლო 29% — ძირითადად უჭერს მხარს.

რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, კვლევის მიხედვით, აქ გაწევრიანება მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედისთვის, 20%-სთვისაა მისაღები. 26% ამას საერთოდ არ უჭერს მხარს, ხოლო 18% — ძირითადად არ უჭერს მხარს.

CRRC საქართველომ კვლევა 2020 წლის 8-14 დეკემბერს ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით გამოკითხულია ე.წ. შემთხვევითი ნომრების გენერირების პრინციპით (Random Digit Dial) ამორჩეული 1 504 რესპონდენტი. ინტერვიუები ჩატარდა აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე და გამოპასუხების დონე 29%-ს შეადგენს. ცდომილების ზღვარი კი +/-0,7%-დან +/-7,4%-მდე მერყეობს.