ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა გაასაჩივროს გირაოს ოდენობა და მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება. მთავარ არხთან საუბრისას მარიკაშვილმა განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება იყო ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება.

"მთავარია, რომ ეს ადამიანები დღეს არიან გარეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი. რაც შეეხება უკვე სხვა საკითხებს, მათ შორის, გირაოს ოდენობას და ა.შ. ჩვენ, ბრალდებულთან გასაუბრების შემდეგ, შესაძლოა გავასაჩივროთ. მათ შორის, გირაოს ოდენობაც და განსაკუთრებით, დღეს ყველაზე მკაცრი გადაწვეტილება მიიღო [მოსამართლემ], ეს იყო ბატონი ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენება.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ იყო პროპორციული [...] იმის პარალელურად, რომ დიდი ოდენობით გირაო დააკისრეს ბატონ ივერი მელაშვილს, მეორე მხრივ, მისი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვება გადაწყვიტეს", — აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

დღეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მელაშვილმა პირველი კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა. მისი განცხადებით, ბრალდებები "აბსურდულია" და არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ეს "მარაზმი" გაგრძელდეს. მელაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ იგი გირაოს არ ეთანხმება, რადგან არც მას და არც ილიჩოვას არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვით.

გაიგეთ მეტი: