იმისათვის, რომ WhatsApp-ის ანგარიში დეკტოპ აპლიკაციაში, ან ვებვერსიაში გახსნათ, ამიერიდან, ბიომეტრიული ინფორმაციის გამოყენება მოგიწევთ. ფეისბუქის მფლობელობაში არსებულმა პლატფორმამ უსაფრთხოების ზომები შეცვალა. როგორც ამბობენ, ამით თავს იზღვევენ იმისგან, რომ ვინმემ თქვენგან დამოუკიდებლად გამოიყენოს თქვენი ანგარიში, სხვა მოწყობილობაზე. თუ თქვენს სმარტფონს აქვს თითის ანაბეჭდის სენსორი, ან შეუძლია სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება, WhatsApp დესკტოპ თუ ვებვერსიაში ავტორიზაციისას თქვენი ვინაობის დადასტურებას სწორედ ასე მოგთხოვთ.

მას შემდეგ, რაც ბიომეტრიული მეთოდებით ვერიფიკაციას გაივლით, მოგიწევთ QR კოდის დასკანერება. ავტორიზაციის ეს ფორმა თავისით შეიძლება გააქტიურდეს, მისი თავიდან არიდება კი მხოლოდ ტელეფონის განბლოკვის ფუნქციებიდან სახის ამომცნობი ტექნოლოგიისა თუ თითის ანაბეჭდის სენსორის გამორთვაითაა შესაძლებელი. WhatsApp, რომელიც მალე პერსონალური ინფორმაციის პოლიტიკას ცვლის და მომხმარებელთა ინფორმაციის ნაწილის ფეისბუქთან გაზიარებას აპირებს, აცხადებს, რომ მას არ ექნება წვდომა თქვენს ბიომეტრიულ მონაცემებთან და ავტორიზაციის პროცესი/ისტორია მხოლოდ თქვენი სმარტფონის ოპერაციულ სისტემაში დარჩება.

WhatsApp-ის ეს ახალი ფუნქცია იმუშავებს სხვა უსაფრთხოების წესებთან ერთად. მაგალითად, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, თუ ვინმე თქვენს ანგარიშში შევა (დესკტოპ, ან ვებვერსიაში). კომპანია მუშაობს დესკტოპ თუ ვებვერსიის გაუმჯობესებისთვის, იმისათვის, რომ მომხმარებელს ახალი ფუნქციები შესთავაზოს. ეს კი მიმდინარე წელსაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს WhatsApp-ს უამრავი მომხმარებელი ტოვებს. აღნიშნულის მიზეზი კი პლატფორმის განახლებული წესები და პირობებია, რომლის მიხედვითაც, ის მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის ნაწილს მფლობელ კომპანია Facebook-ს გაუზიარებს. მომხმარებლები აქტიურად გადადიან ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Signal და Telegram.

ასევე იხილეთ: