ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "პოლიტიკურ თამაშს" სჭირდებოდა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როდესაც ბრალის დაზუსტება მოხდა ამგავრი ფრაზით — ზედმგომის დავალებით — უკვე ნათელი იყო ჩემთვის და მოლოდინი მქონდა იმის, ახალ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თამაშს სჭირდებოდა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გათავისუფლება. მშვენიერაძე [მელაშვილის ადვოკატი], რომელიც მართლაც გამოირჩევა საკუთარი პროფესიონალიზმით და ძალიან კომპეტენტური დაცვა ჰყავს მელაშვილს, ისიც აცხადებს, რომ დიახ, ამ საქმეს აქვს პოლიტიკური შემადგენელი და მათი გათავისუფლება სწორედ ამის წყალობით მოხდა", — განაცხადა ბოკუჩავამ.

დღეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მელაშვილმა პირველი კომენტარი მედიასთან უკვე გააკეთა. მისი განცხადებით, ბრალდებები "აბსურდულია" და არ შეიძლება, რომ ქვეყანაში ეს "მარაზმი" გაგრძელდეს. მელაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ იგი გირაოს არ ეთანხმება, რადგან არც მას და არც ილიჩოვას არანაირი ბრალეულობა არ მიუძღვით.