ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, 1:200 000-იანი რუკაზე აპელირება არ შეიძლება, რადგან დიდი შეცდომების მქონე რუკაა და ისინი, ვინც ამაზე აპელირებენ, ან არ იციან საქმე, ან რაღაც დილეტანტური მისწრაფებაა. მელაშვილის თქმით, მთავრობის მიერ ეს პოლიტიკური ზეწოლისთვისაა გამოყენებული.

"1:200 000-იან რუკაზე ადრეც განმიცხადებია და ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, მასალა, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება იმიტომ, რომ მთლიანად არის მცდარი ეს რუკა და ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ამ ხალხმა ან არ იციან საქმე, ან კიდევ რაღაც დილეტანტური მისწრაფებაა. ამ მთავრობის მიერ ეს გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის, მეტი არაფერი", — განაცხადა მელაშვილმა.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.