ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, როგორც საზოგადოების, ასევე, ადვოკატების დამსახურებაა, რომ ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პირველი კომენტარი მელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

"ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, ეს საზოგადოების დამსახურებაცაა და ჩემი ადვოკატების დამსახურებაცაა, მოხდა ის, რომ პატიმრობიდან გაგვათავისუფლეს და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ. თავიდანვე არ იყო დაპატიმრების საფუძველი და დამაპატიმრეს, ამიტომ ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მოხდა ეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი, იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის არც მე და არც ნატალიას", — განაცხადა მან.

კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.