25 იანვარს თეოლოგმა და ყოფილმა სასულიერო პირმა, ბასილ კობახიძემ ფეისბუქგვერდზე დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგების ამსახველი ვიდეო ატვირთა, სადაც სარალიძე აცხადებს, რომ უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და "უმაქნისი" იყოს. ეს მხოლოდ ერთ-ერთია ფობიებითა და სიძულვილით სავსე იმ განცხადებებიდან, რომელიც თადეოზ სარალიძემ თითქმის სამ წუთში მოასწრო.

აღნიშნულმა განცხადებებმა სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია. თეოლოგები სარალიძის ქადაგებებს ანტიქრისტიანულს უწოდებენ. როგორც ბასილ კობახიძემ On.ge-ს უთხრა , დეკანოზის ქადაგებას ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კობახიძე აღნიშნავს, რომ დეკანოზი ერთადერთი არაა სამღვდელოებაში, ვინც მრევლს მსგავს ქადაგებებს ასმენინებს.

ფოტო: ბასილ კობახიძე / FB

მამა თადეოზ სარალიძის განცხადებას ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს, ისევე, როგორც თვითონ თადეოზ სარალიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელია

ბასილ კობახიძე

"არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და ასევე, საუბედუროდ, მისი მრევლი ქრისტიანი არ არის, ის მრევლი, რომელიც პირდაპირ ტელეეთერებში ამართლებდა მამა თადეოზის ამ საშინელ ქადაგებას. უნდა ითქვას, რომ ეს პირველი არ არის — 20 წელია, თითქმის ყოველ კვირა მამა თადეოზი ამ შხამს ანთხევს თავისი ამბიონებიდან. სავალალოდ, მამა თადეოზი მარტო არ არის — როგორც ჭიათურაში, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონში და თბილისშიც უამრავი მღვდელი ქადაგებს იმავეს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ებრაელთა სიძულვილი იქადაგეს ქუთათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა, ქუთაისელმა დეკანოზმა, ილია კარკაძემ, რომლებსაც, საუბედუროდ, დაუჭირა მხარი მრავალმა ახალგაზრდა მღვდელმა. აქაც მამა თადეოზს მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა მღვდლებმა ჭიათურიდან, იმიტომ, რომ მისგან არიან მოწამლულები დიდი ხანია. მაგალითად, მღვდელმა გიორგი შუკაკიძემ, რომელიც ჭიათურაში მსახურობს პირდაპირ ტელეეთერებში განაცხადა, რომ დიახ, თუ ბავშვი კარგად არ იქცევა, სჯობს რომ მოკლას ღმერთმა პატარაობისას, ამას გვასწავლის ქრისტიანობა, ამას გვასწავლიან წმინდა მამებიო", — ამბობს ბასილ კობახიძე.

გაუკუღმართებული რწმენა, რომელიც ჩვენს ეკლესიაშია, საუბედუროდ, ბავშვების მიმართ ასეთ დაუნდობლობას მრავალი წელია ნერგავს.

ბასილ კობახიძე

ბასილ კობახიძე აღნიშნავს, რომ 2000 წელს სინოდმა გამოიტანა განჩინება, რის მიხედვითაც დედის მუცელში ან დაბადებული და მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები ჯოჯოხეთში მიდიან.

"ჯერ კიდევ 2000 წელს, ჩვენმა ეკლესიამ მიიღო დადგენილება უმაღლეს დონეზე, სინოდმა, რომ დედის მუცელში გარდაცვლილი ან დაბადებული და მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები მიდიან პირდაპირ ჯოჯოხეთში. მე მაშინ გამოვედი და მოვუწოდე მრევლს, რომ არ დამორჩილებოდნენ ამ დადგენილებას, მაგრამ მრევლი არის, რა თქმა უნდა, დამონებული, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ მამა თადეოზის მრევლის მაგალითზე. მრევლს წართმეული აქვს აზროვნების უფლება სამღვდელოების მიერ, ამიტომაც, რასაც სამღვდელოება ჩასძახებს, იმას ამოსძახებენ და მაშინაც მრევლი და განსაკუთრებით ქალები მიემხრნენ ამ დადგენილებას, რომ მართლაც უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები მიდიან ჯოჯოხეთში", — აცხადებს ყოფილი სასულიერო პირი.

თეოლოგი მიუთითებს იმაზეც, რომ პატრიარქისა და მეუფეების არაერთი განცხადება და ეპისტოლე გავრცელებულა, სადაც წერია, რომ სუროგატი დედის მიერ ხელოვნური განაყოფიერებით ან ჯვარდაუწერელი მშობლების მიერ გაჩენილი შვილი არის ცოდვიანი და იქნება უბედური.

ჩვენი სამღვდელოება ბავშვებს ერჩის და ამას უსიტყვოდ იზიარებს საზოგადოება და მრევლი, იმიტომ, რომ მრევლი არის ზომბირებული, საზოგადოება კი დაშინებული

ბასილ კობახიძე

"საზოგადოებას, მედიას, პოლიტიკურ კლასს, ყველას ეშინია სამღვდელოების, ეშინია ეკლესიის, რადგანაც ეკლესია წარმოაჩენს ღმერთს ბოროტ, დამსჯელ არსებად, რომელიც სჯის იმ ხალხს, ვინც გააკრიტიკებს ანაფორაში გახვეულ არამზადებს, რაც არის ჩვენი სამღვდელოება დღეს. ამას მარტო თადეოზი და გიორგი შუკაკიძე არ ქადაგებენ. მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო — დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა იქადაგა, რომ თუ შვილი იქცევა ცუდად და დედას აბრაზებს, დედამ უნდა შესთხოვოს ღმერთს, რომ ეს შვილი მოკლას ღმერთმა", — ამბობს კობახიძე.

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მსოფლიოში დამკვიდრებული მექანიზმის საწინააღმდეგოდ იქცევა.

ფოტო: მირიან გამრეკელაშვილი / ფეისბუქი

"არსებობს მთელი რიგი მექანიზმები სასიკეთო ცენზურის, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ყურადღებას აქცევს, იცავს და რომლის აზრიც ის არის, რომ ადამიანებში არ მოხდეს ბოროტი აზროვნების დანერგვა, რომლის შედეგებიც კარგად იწვნია სამყარომ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა არსებობს ინსტიტუცია სამყაროში, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც იქცევა ამ სტანდარტების საპირისპიროდ. ასეთი განცხადებები არ არის მისაღები არავის მხრიდან და განსაკუთრებით, სასულიერო პირების მხრიდან, იმიტომ, რომ სასულიერო პირები, ისევე, როგორც მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები, წარმოადგენენ საჯარო პირებს, ადამიანებს, რომელთაც ბონუსად მიცემული აქვთ საჯარო სანდოობა და ეს არის ამ სანდოობის ბოროტად გამოყენება", — ამბობს თეოლოგი.

ამბიონიდან მსგავსი ანტიქრისტიანული განცხადებების გაკეთება საეკლესიო კანონმდებლობითაც სასტიკად აკრძალულია

მირიან გამრეკელაშვილი

კიდევ ერთი პრობლემა ე.წ. ქურდული სამყაროს დადებით კონტექსტში მოხსენიებაა. ეკლესია, რომელიც სულიერებას უნდა ქადაგებდეს, კრიმინალურ ავტორიტეტებს უჭერს მხარს. როგორც რესპონდენტებმა აგვიხსნეს, სასულიერო პირებს გარკვეული კავშირები აქვთ/ჰქონდათ "ქურდებთან", რაც განაპირობებს მათ ამ განცხადებებს. ბასილ კობახიძე გვიყვება, რომ სამღვდელოება მათგან გარკვეული სახით ფინანსურ შემოსავალსაც იღებს.

"მამა თადეოზმა აქო და ადიდა ქურდული სამყარო, წარმოაჩინა ისინი პატიოსან, კაცთმოყვარე არსებებად და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისინი დაჩაგრა და შეუზღუდა უფლებები, როდესაც ქურდული გაგება არის დადებითი მოვლენა და ასევე, თქვა, რომ ახალგაზრდობაში მეც შავი გაგების ვიყავი, იქ ვტრიალებდი, ძმაკაცები მყავს და ა.შ. აქვე ვიტყვი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოიხსენია, როგორც სააკიანი, სულ ასე აკეთებს, წლების განმავლობაში და მრევლიც ეთანხმება, რომ სომხობა არის დამამცირებელი რამ. პირდაპირ ამბობენ მღვდლები, მაგალითად სამების წინამძღვარი არქიმანდრიტი აცხადებს, რომ მერე რა, რა მოხდა თუ ნაქურდალი ფულით აშენდება ეკლესია. ფულს ჩვენი სამღვდელოებისთვის სუნი არ აქვს", — აცხადებს თეოლოგი.

დიდი ხანია შეზრდილია ჩვენი სამღვდელოება ქურდულ სამყაროსთან, ქურდები მათ აფინანსებენ, ყიდულობენ მათ ცნობილ ჯიპებს თუ აძლევენ ფულს, აშენებენ ეკლესიებს

ბასილ კობახიძე

მირიან გამრეკელაშვილმა ამ კავშირის მიზეზები ისტორიულ წარსულში აღმოაჩინა. მისი მიგნებით, საბჭოთა კავშირის დროინდელ საქართველოში ეს ორი ჯგუფი საერთო მტერს ებრძოდა.

"თვითონ რელიგიისთვის ხომ აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს კრიმინალური სამყარო, მაგრამ აქ არის ორი ფაქტორი: პირველი — საბჭოთა კავშირის დროს კრიმინალური სამყარო იყო ორგანიზებული ადამიანთა სოციუმი, რომელიც უპირისპირდებოდა წითელ ხელისუფლებას და არ ცნობდა მას, შესაბამისად, რელიგიაც იმავე მდგომარეობაში იყო და ისინი ერთ სიბრტყეზე აღმოჩნდნენ ამ კუთხით, ორივე იყვნენ არალეგალურად გამოცხადებულნი და ორივეს პირველი მტერი იყო საბჭოთა ხელისუფლება; მეორე — სასულიერო პირების ის თაობა, რომელსაც მამა თადეოზი წარმოადგენს, ქურდული ავტორიტეტების ფასეულობებით გაიზარდა, შემდეგ ამ ხალხმა საკუთარი თავი ვერ იპოვა, საბოლოოდ კი, ძალიან ბევრი გახდა სასულიერო პირი, მაგრამ მათ ქრისტიანობა კი არ შეისისხლხორცეს, კი არ შეისწავლეს, უბრალოდ, ინსტინქტურად აღმოჩნდნენ ამ პოზიციებზე, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით. არსებობენ სასულიერო პირები ამ თაობიდან, რომლებიც მიდიან და ქურდის საფლავზე იძინებენ. ეს არის მათი სიჭაბუკის დროინდელი პროპაგანდისა და ტვინის გამორეცხვის ნიშანი, რომლისგანაც ვერ გათავისუფლდნენ, რადგან ეს არც უცდიათ", — გვიყვება თეოლოგი.

სასულიერო პირების ის თაობა, რომელსაც მამა თადეოზი წარმოადგენს, ქურდული ავტორიტეტების ფასეულობებით გაიზარდა, შემდეგ ამ ხალხმა საკუთარი თავი ვერ იპოვა, საბოლოოდ კი, ძალიან ბევრი გახდა სასულიერო პირი, მაგრამ მათ ქრისტიანობა არ შეისისხლხორცეს, არ შეისწავლეს, უბრალოდ აღმოჩნდნენ ამ პოზიციებზე.

მირიან გამრეკელაშვილი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ეკლესიას წლებია აქვს, ეთნიკური ნიშნით ადამიანების გამოყოფა და მასზე დამამცირებელი ტონით საუბარია. თადეოზ სარალიძის ქადაგებას არც ამის გარეშე ჩაუვლია და ამჯერად, არმენოფობიური განცხადება გააკეთა:

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რას ამბობს? — რა გავცე, რის გავცეო. მის მერე დაანებეს, შოთა რუსთაველი აშოტ რუსთაველი, ეს რომ გაიგეს, არა, არა, ეს ჩვენი არ არისო".

თეოლოგებმა სასულიერო პირის ამ განცხადებას "კეთილისმსურველი" ჩრდილოელი მეზობლის პროპაგანდას უკავშირებენ.

"მამა თადეოზმა დაიწყო განდიდება პუტინის, კრემლის და რამზან კადიროვის. მან თქვა, რომ პუტინს უყვარს საქართველო, პატრიარქი და საინტერესოა ის, რომ მამა თადეოზმა მრევლს უთხრა, რასაც გელაპარაკებით, წადით და თქვენს ხალხში ილაპარაკეთო. პირდაპირ დაავალა პროპაგანდა და თქვა, რომ რუსეთი არაფერს გვიშავებს, რუსეთი არაფერ შუაშია და ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობას აფუჭებენ ამერიკაში და ევროპაში მოკალათებული სომეხი და ებრაელი მილიონრებიო. გადავიდა სიძულვილის თესვაზე სომეხთა მიმართ. ჯერ კიდევ 5 წლის წინ მაქვს მოსმენილი მამა თადეოზ სარალიძის განცხადება, როდესაც ის მივიდა ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებთან მიტინგზე და უთხრა — აღაროელებო, თქვენ ხელფასს გპარავენ არა მაღაროს პატრონები, არამედ სომეხი და ებრაელი მილიონრები, რომლებიც ევროპაში და ამერიკაში არიან მოკალათებულნი და ჩვენ გვმტრობენო. ასევე თქვა, რომ არ შეიძლება სომეხი ან ებრაელი ადამიანი იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, რადგან ეგენი დაგვასხდნენ კისერზე და ა.შ. შემდეგ გადასწვდა აზერბაიჯანელებს, შემდეგ თურქებს, მაგრამ რუსები აქო და ადიდა. ეს პირდაპირ ასრულებს რუსული უშიშროების პროპაგანდისტულ დავალებას და თავის მხრივ მრევლს ავალებს, რომ წავიდნენ და ეს გაიმეორონ", — განაცხადა ბასილ კობახიძემ.

მირიან გამრეკელაშვილმა ეთნიკური დისკრიმინაციის ფესვები, ასევე, რუსულ წყაროებში აღმოაჩინა.

"ერთადერთგან არის მხოლოდ — არსენას ლექსში, როდესაც ის დაადგება ებრაელ ვაჭრებს, არის ნეგატიური შეფასება. სხვა მხრივ, ფიქსირებული შემთხვევები დარბევების, მათი საფლავების შელახვისა საქართველოში აქამდე არ ყოფილა და დაიწყო 21-ე საუკუნეში, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს. ამ ანტისემიტიზმის იმპორტიორები, შემტანები ხშირად არიან სასულიერო პირები. ისინი უბრალოდ რუსული ნაწერების ასლებს აკეთებენ, დუგინიც და სხვებიც ამით არიან დაკავებულები და ძალიან ერთობიან. ეს არის ანტისემიტიზმის ახალი ფორმა, რომელსაც ჩვენები ბრიყვულად იღებენ და 21-ე საუკუნეში გვყავს მსხვერპლი ანტისემიტიზმის საფუძველზე", — ამბობს თეოლოგი.

ანტისემიტიზმი არის უკვე იმპორტირებული, ამ შემთხვევაში რუსეთისგან. საქართველოში ავთენტური ტიპის ანტისემიტიზმი არ არსებობს

მირიან გამრეკელაშვილი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორი, ეკა ჭითანავა დეკანოზის განცხადების შინაარსს ქსენოფობიურს და ანტიჰუმანურს უწოდებს.

"არ შეიძლება ასეთი ადამიანები ამბიონებიდან ქადაგებდნენ და ქრისტიანობის სახელით საუბრობდნენ. თუმცა, პრობლემა სისტემურია — შემაშფოთებელია არა მხოლოდ ცალკეული მართლმადიდებელი სასულიერო პირების სიძულვილის ენა, არამედ დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის პოზიცია, რეაგირება ასეთ საკითხებზე და ნორმად ქცეული შეუწყნარებლობა", — აცხადებს ეკა ჭითანავა.

TDI-ის დირექტორი იხსენებს, საპატრიარქოს პოზიციას 20 დეკემბერს მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებაზე.

"მაგალითად, საპატრიარქოს დღემდე არ დაუგმია და ბოდიში არ უთქვამს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ანტისემიტური ქადაგების გამო და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა "მის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიად" შეაფასა. TDI-მ არაერთხელ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი. ჩვენი პოზიციით, ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო", — ამბობს ეკა ჭითანავა.

თადეოზ სარალიძეს არც ანტივაქცინური განცხადება გამორჩენია და მოსახლეობას აცრების არგაკეთებისკენ მოუწოდა. იმ საზოგადოებაში, სადაც ვაქცინის მიმართ ნდობა ისედაც არცთუ ისე მაღალია, ავტორიტეტული ინსტიტუტის ანუ ეკლესიის წარმომადგენლის მიერ მსგავსი შინაარსის განცხადება კიდევ უფრო სახიფათოა. მირიან გამრეკელაშვილი აღნიშნავს, რომ წარმოსადგენია, რა მოხდება საქართველოში ვაქცინის შემოტანის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ შემოტანამდე სასულიერო პირები ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.

ქადაგების დროს გაკეთებული განცხადებების გამო სარალიძე გააკრიტიკეს, რასაც საპატრიარქოს მიერ სასულიერო პირის "შენდობის თხოვნის წერილის" გავრცელება მოჰყვა. თუმცა დეკანოზმა წერილში შენდობა არა მისი ქადაგების შინაარსის, არამედ იმის გამო ითხოვა, რომ იმ თემებზე იქადაგა, რაზეც კურთხევა არ ჰქონდა. 29 იანვარს საპატრიარქომ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, თადეოზ სარალიძე საეკლესიო "სასჯელის" სახით მონასტერში განამწესეს.

"საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით", — ნათქვამია განცხადებაში.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან თანასწორობის, სიყვარულის, ტოლერანტობისა, ჰუმანურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ გალაშქრება არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ეს კიდევ უფრო საშიში ხდება იმის გათვალისწინებით, რამხელა ნდობა აქვს ეკლესიას საქართველოში. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამ ტიპის მოწოდებები ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, განვითარებისთვის საფრთხისშემცველია.