კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება ნამდვილად შეცვალა. შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, მათ შორის სწავლების ფორმაც. უამრავი სკოლა და უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. სტუდენტმა ერთ წლიანი კურსი შეიძლება ისე დაამთავროს, რომ პროფესორი ინტერნეტის მიღმა ვერც ერთხელ ნახოს.

როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სწავლებაა კანადის, მონრეალის კონკორდიას უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტმა აარონ ანსუინმა შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა: მან გაიგო, რომ მისი ხელოვნების ისტორიის პროფესორი ცოცხალი არ არის.

"სრულიად შემთხვევით, ახლახან გავიგე, რომ ონლაინ კურსის პროფესორი, რომელიც ხელოვნების ისტორიას მასწავლის, 2019 წლიდან ცოცხალი აღარ არის. დიახ, ის ახლაც მასწავლის." — დაწერა სტუდენტმა ტვიტერზე.

სტუდენტმა, კურსთან დაკავშირებით, პროფესორს მეილზე შეკითხვები მისწერა და პასუხად მემორიალური შეტყობინება მიიღო.

კონკორდიას უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ პროფესორი ფრანსუა-მარკ გაგნონი, უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის განყოფილების ლექტორი, 2019 წელს მოკვდა. თუმცა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო, მისი ლექციები კონკორდიას უნივერსიტეტის ონლაინ კურსისთვის გამოიყენება.

ჩვენ ხშირად ვკითხულობთ და ვუსმენთ იმ ადამიანების ნაშრომებს, ვინც ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მკვდარი ადამიანის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი, მაინც ახალია.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, იმაზე თუ როგორ შეცვალა პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა.