საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს, ვაქცინა მალტას სთხოვოს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, მალტამ ევროკავშირისგან ერთი მილიონით მეტი ვაქცინა მიიღო, ვიდრე სჭირდებოდა. ახლა კი ის აპირებს, ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილოს, რომელთა სიაშიც საქართველოც შედის.

"შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!" — აცხადებს სააკაშვილი.

მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობა მალტას იმის გამო არ მიმართავს, რომ კორუფციაში არიან გარეულნი და დიდი რაოდენობით ფული მოიპარეს.

მალტაში საქართველოს ელჩის, კოტე სურგულაძის ინფორმაციით, მალტის შესაბამის უწყებებს ვაქცინების საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან და ამ საკითხზე სხვა წყაროებიდან გავრცელებული ცნებები არ არის სანდო.

"საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების საკითხზე მალტის მხარე კომუნიკაციაშია საქართველოს საელჩოსთან და შესაბამისად გადაწყვეტილება პირველ რიგში ცნობილი გახდება საელჩოსთვის და საქართველოს მთავრობისთვის", — აღნიშნავს სურგულაძე.

მისივე თქმით, კონსულტაციები ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და იმ პერიოდისთვის მალტას ვაქცინა ჯერ არ ჰქონია.