ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესის სურვილის მიუხედავად, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყანა ერთბაშად გაიხსნას. დღეს, 27 იანვარს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეპიდემიოლოგები და არასასურსათო ვაჭრობისა და სავაჭრო ცენტრების შეხვედრა გაიმართა.

პირველი თებერვლიდან არასასურსათო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები იხსნება, თუმცა მხოლოდ სამუშაო დღეებში იმუშავებენ.. როგორც მინისტრმა თქვა, აღნიშნულ სექტორის გახსნა ორმა გარემოებამ განაპირობა: წინასაახალწლოდ გამოიჩინეს პასუხისმგებლობა და ვაჭრობა ადამიანების პირველად საჭიროებას წარმოადგენს.

"ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ — ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა — მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვ. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია იმიტომ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა", — განაცხადა მინისტრმა.