ქართული ოცნების დეპუტატი, გაგა კახიანის თქმით, უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე განსხვავებული პოზიცია აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"საპროცედურო კომიტეტმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და მიზანშეწონილად მიიჩნია ამ პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა. უმრავლესობაში მეტწილად ემხრობიან უფლებამოსილების შეწყვეტას, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამიტომ პლენარულ სხდომამდე ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა შეიკრიბოს და კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს", — აღნიშნა კახიანმა.

ამასთან, კახიანი ამბობს, რომ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.

"ამ საკითხს აქვს როგორც პროცედურულ-სამართლებრივი, ისე პოლიტიკური კონტექსტი. მე პირადად ვხელმძღვანელობ პროცედურული, სამართლებრივი საკითხებით, როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი. ჩემში ამან იქონია პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება", — განაცხადა დეპუტატმა.

დღეს, 27 იანვარს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერისთვის, შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

რაც შეეხება სხვა 49 დეპუტატს ოპოზიციიდან, მათ საკითხზე კომიტეტი 28 იანვარს იმსჯელებს. საბოლოოდ კი, დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე კენჭისყრა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე 2 თებერვალს დადგება.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ. ერთადერთი, ვინც პარლამენტში შევიდა პატრიოტთა ალიანსის სიის ოთხი დეპუტატია, რომლებმაც ახალი პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბეს. გირჩისა და პარტია მოქალაქეების გარდა, ყველა სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტისთვის მიმართა.