ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ქსელებში ნაყიდი საქონლის გადაცვლა შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, შემსუბუქდება შეზღუდვები გასახდელებზეც. ამის შესახებ მან სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების ოპერირების წესების შემსუბუქება. მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების შემსუბუქება, ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით", — განაცხადა მან.

ცქიტიშვილის თქმით, როცა დადებითობის მაჩვენებელი კვირის განმავლობაში 4%-მდე შემცირდება, ისინი შეზღუდვების მოხსნის მხრივ "უფრო თამამი" ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ.