პარლამენტმა უფრაქციო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა 0-ის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ახალი ინიციატივის თანახმად, ოპოზიციას საპარლამენტო პროცესში უფრო მეტად ჩართვის საშუალება ექნება. მათ შორის, 15 წუთით გაიზრდება დრო დებატებისთვის. ასევე, უფრაქციო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ერთ ჯგუფად და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები წარადგინონ.

გარდა ამისა, დღეს მმართველი პარტიის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილება კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეორე მოსმენამდე ეს დეტალები დააზუსტონ.

"გავაკეთოთ ისეთი ჩანაწერი მეორე მოსმენამდე, რომელიც აძლევს საშუალებას ამ ჯგუფს, რომ ჰყავდეს სამუშაოს ორგანიზებისთვის ხელმძღვანელი, აგრეთვე, კომიტეტებში, კომისიებში, საპარლამენტო დელეგაციებში მივცეთ წარმომადგენლობის კვოტები და ა.შ", — განაცხადა მან.

მისი თქმით, რადგან მათი მიზანია, საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის "სრულფასოვნად" ჩართვა, მათ უნდა მიეცეთ ისეთი უფლებამოსილება, რომელიც მიმსგავსებული იქნება ფრაქციასთან და გაზრდის მათ ჩართულობას.