შუა საუკუნეების 1000-წლიანი პერიოდი რენესანსის ეპოქით 500 წლის წინ დასრულდა და იმ დროის ძეგლების პირვანდელი სახით ჩვენამდე მოღწევა აღფრთოვანებას გვგვრის: მცირე არტეფაქტების დაუზიანებლად შემონახვაზე რომ არაფერი ვთქვათ, დღემდე შემორჩენილი შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქების დიდებული იერსახეც გასაოცარია.

თითქოს ეს ქალაქები მხატვრული ნაწარმოებების ფურცლებს დაუსხლტნენ, რეალურ სივრცეში გადმოინაცვლეს და მრავალი საუკუნის წინანდელ დროში გვამოგზაურებენ. პირვანდელი სახით შემორჩენილი არაერთი ევროპული ქალაქი დღემდე არსებობს, ამ სტატიაში კი რამდენიმე მათგანს ხელახლა აღმოაჩენთ.

1. ბრიუგე, ბელგია

ფოტო: Getty

ჩრდილოეთის ვენეციად წოდებული ბრიუგე, რომელიც ბელგიაში მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქია. მე-12-15 საუკუნეებში ბრიუგე ვაჭრობისა და კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი წერტილი იყო, ამ პერიოდის შემდეგ ქალაქის დაცემა დაიწყო, მაგრამ პირვანდელი სახით შემორჩენილი არქიტექტურა წარსულის კარს გიღებთ და გოთიკურ სანახაობაში გითრევთ. 2000 წელს ქალაქის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა და დღემდე ის ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია.

2. კარკასონი, საფრანგეთი

ფოტო: trabantos/Shutterstock

კარკასონი ბავშვთა საგმირო ამბების და ზღაპრული თავგადასავლების ხორცშესხმას ჰგავს. ქალაქის ციხესიმაგრის 3-კილომეტრიანი კედელი და მასში დატანებული 52 ციხე-კოშკი ქალაქის დასაცავად და მტერთან საბრძოლველად აიგო, დღეს კი ზღაპრულ სანახაობად შემოგვრჩა. 1997 წელს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად იქცა.

3. ქალაქი სან-მარინო, იტალია

ფოტო: Vladimir Sazonov/Shutterstock

სან-მარინოს რესპუბლიკის იმავე სახელწოდების დედაქალაქი, რომელიც მე-13 საუკუნიდან არსებობს, იტალიის ერთადერთი გადარჩენილი ქალაქ-სახელმწიფოა. მონტე ტიტანოს უკიდურეს წერტილში მდებარე ქალაქი, ქვეყნის ყველაზე მაღალი ადგილია. ქალაქის გული ციხესიმაგრის კედლით არის შემოსაზღვრული, რომელიც სამ სათვალთვალო კოშკს აკავშირებს. სან-მარინოს ისტორიული ცენტრიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია

4. მონსანტო, პორტუგალია

ფოტო: Vladimir leoks/Shutterstock

ეს სოფელი შუა საუკუნეების ქალაქებს შეიძლება ვერც მიამსგავსოთ: არ შეგხვდებათ ტაძრები და დიდი კოშკურებიანი გალავნები, მაგრამ მთებში მდებარე მონსანტო ფაქტობრივად ხელშეუხებლად შემონახული ქალაქია, რომელიც თითქოს დროში გაიყინა.

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსება გიგანტური ლოდებია, რომლებიც სოფლის მშენებლებმა სამშენებლო მასალად კი არ აქციეს, არქიტექტურის უცვლელ ნიშნად გარდაქმნეს და მონსანტო მათ ირგვლივ ააგეს. ქალაქში ვიწრო ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილებას ვერ შეძლებთ, სჯობს ფეხით ან ვირით ისეირნოთ.

5. ტოლედო, ესპანეთი

ფოტო: Anton_Ivanov/Shutterstock

ტოლედო შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქალაქია, რომელიც დღემდე თითქმის პირვანდლეი სახით შემორჩა. ის 1986 წლიდან, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. "სამი კულტურის" ქალაქად ცნობილი ტოლედო ქრისტიანული, ისლამური და ებრაული ფესვების მქონე ხალხის ერთობის ცოცხალი ხატია. აქ ქალაქის კედელში ჩაშენებულ გოთიკურ ტაძარს, სინაგოგებსა და მეჩეთებს შეხვდებით, რომლებმაც მრავალ საუკუნეს გაუძლო.