სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტისემიტური განწყობების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან საჯარო და მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთონ.

"გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა არ უნდა დარჩეს მხოლოდ ცალკეული პიროვნებების რეაგირების საგნად. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყოველი საჭიროების შემთხვევაში ანტისემიტური განწყობების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან საჯარო და მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთონ, დაუყოვნებლივ დაგმონ ნებისმიერი სახით ანტისემიტური გამოვლინება თუ დამოკიდებულება და გამოხატონ მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ", — განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, განსხვავებულის სიძულვილთან არ შეწინააღმდეგება ყველაზე მეტად აძლიერებს სიძულვილის მთესველ ძალებს.

"დღეს, როდესაც მსხვერპლებს ვიხსენებთ, ალბათ ყველაზე მძიმე და უხერხული კითხვა არის, რამ გახადა ჰოლოკოსტი შესაძლებელი? ალბათ განსხვავებულის სიძულვილთან არ შეწინააღმდეგება ყველაზე მეტად აძლიერებს სიძულვილის მთესველ ძალებს. ამ სიძულვილის მთესველი რიტორიკის თუ ძალების მიმართ შერიგება და კონფორმიზმი არის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, რაც აძლიერებს ამ ჯგუფებს. ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი გამოცდილება და მნიშვნელოვანი პასუხი არის თითოეული ჩვენგანის შეურიგებელი საპროტესტო ხმა და მოქმედება და ეს ხმა დღეს ყველაზე აქტიურად უნდა ისმოდეს არა მხოლოდ მესამე სექტორიდან, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იზიარებდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის არსს", — განაცხადა ლომჯარიამ.

27 იანვარს მსოფლიოში ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე აღინიშნება.