ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ შემდეგი წლის განმავლობაში რამდენიმე განსაკუთრებული ფილმის ხილვას კინოთეატრებში შეძლებენ, სხვები საერთოდაც სერიალებს ელოდებიან, თუმცა არიან ისეთი მაყურებლებიც, რომლებსაც მულტფილმების ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ყველაზე მეტად ახარებთ.

სწორედ ასეთი მაყურებლებისთვის შევადგინეთ სია, რათა იმ ყველა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ახალი ანიმაციის შესახებ წინასწარ იცოდეთ ყველაფერი, რომელთა პრემიერებიც შემდეგი 12 თვის განმავლობაში არ უნდა გამოგრჩეთ.

15. მინიონები: გრუს აღზევება / Minions: The Rise of Gru

ამ ანიმაციის გამოსვლა ჯერ კიდევ შარშან ველოდით, თუმცა პანდემიის გამო პრემიერა გადაიდო და მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ წელს მაინც შევძლებთ მინიონების ისტორიის გაგრძელების ხილვას.

პრემიერის თარიღი: 2 ივლისი

14. პატარა ბოსი: ოჯახური ბიზნესი / The Boss Baby: Family Business

ვისაც ყველაზე მეტად კომედიური სანახაობა და სახალისო ისტორიები იზიდავს, მათ ნამდვილად არ უნდა გამორჩეთ ეს ანიმაცია: 2017 წელს გამოსულმა პირველმა ნაწილმა მრავალი მაყურებლის გული მოიგო, ხოლო ამ ახალი ისტორიით კიდევ უფრო მეტ მხიარულებას გვპირდებიან.

პრემიერის თარიღი: 17 სექტემბერი

13. ბაჭია პიტერი 2: გაქცეული / Peter Rabbit 2: The Runaway

კომპანია SONY კინოსა და ანიმაციის ელემენტების გაერთიანებით, რასაც განვითარებული კომპიუტერული ტექნოლოგიები კიდევ უფრო უწყობს ხელს, მოულოდნელად თვალწარმტაც გარემოს ჰქმნის და თუ თქვენც გხიბლავთ მსგავსი ექსპერიმენტები, ბაჭია პიტერის ისტორიის გაგრძელებას თვალი აუცილებლად უნდა მიადევნოთ.

პრემიერის თარიღი: 11 ივნისი

12. სურვილების ამსრულებელი დრაკონი / Wish Dragon

თუ მხოლოდ დიდი და ცნობილი ანიმაციური სტუდიების მიერ წარმოებული პროდუქცია არ გაინტერესებთ და შედარებით უცნობი ხელოვანების ნამუშევრებიც გიზიდავთ, მაშინ ეს ჩინური ისტორია თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და სიუჟეტური ხაზით ალადინსაც მოგაგონებთ.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

11. ვივო / Vivo

ფოტო: Sony

ამ მულტფილმის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ის, რაც ვიცით, საკმარისია, რომ მის გამოსვლას დაველოდოთ: მის შექმნაზე ქრუდსების რეჟისორმა იმუშავა, მუსიკა კი ბროდვეის მიუზიკლის ჰამილტონის ვარსკვლავმა, ლილ-მანუელ მირანდამ დაწერა.

პრემიერის თარიღი: 4 ივნისი

10. ნიანგი ბიჭუნა არლო / Arlo the Alligator Boy

ფოტო: Netflix

ნეტფლიქსმა ბოლო დროს ისეთი საინტერესო ანიმაციები შემოგვთავაზა (თუნდაც მხოლოდ კლაუსი რად ღირს), რომ მოუთმენლად ველით მის ყველა მომდევნო სიახლეს და მათ შორის ერთ-ერთი ნიანგის ბუჭუნა არლოს ამბავი იქნება.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

9. ბრწყინვალე სამურაი / Blazing Samurai

ფოტო: STXfilms

ეს პოსტერი ყველაფერს ამბობს: წინ ნამდვილად ძალიან სასაცილო ანიმაცია გველოდება. თანაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მთავარი პერსონაჟების გამხმოვანებლები სემუელ ელ ჯეკსონი და რიკი ჯერვეისი არიან.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

8. Encanto

დისნეის შემდეგი პრინცესა კოლუმბიელი იქნება: მაყურებელს კიდევ ერთი ლათინოამერიკული მოგზაურობა ელის.

პრემიერის თარიღი: 24 ნოემბერი

7. Luca

ფოტო: Pixar

დისნეისთან ერთად პიქსარმა გასულ წელს ორი ჯადოსნური ანიმაცია – Onward და Soul გამოუშვა და ახალ ზღაპრულ თავგადასავლებს არც წელს მოგვაკლებენ.

პრემიერის თარიღი: 18 ივნისი

6. Sing 2 / ზოოსტარი 2

ფოტო: Universal Pictures

2016 წელს გამოსულმა ზოოსტარმა ყველა ასაკის მაყურებელი გაამხიარულა. სულ მალე კი მის მეორე ნაწილს ვიხილავთ, რომლის მომღერალი ცხოველებიც კვლავ შეძლებენ ჩვენს აცეკვებას.

პრემიერის თარიღი: 22 დეკემბერი

5. ადამსების ოჯახი 2 / Addams Family Sequel

ჰელოუინისთვის შესაფერისი განწყობის შექმნაზე, ცხადია, ადამსების ოჯახის წევრები იზრუნებენ.

პრემიერის თარიღი: 8 ოქტომბერი

4. გრგვინვა / Rumble

ვისაც მხიარულ მონსტრებთან ერთად დროსტარება უყვარს, მაშინ მას ეს უზომოდ სახალისო მულტფილმიც მოეწონება.

პრემიერის თარიღი: 14 მაისი

3. ინოქიო / Pinocchio

ფოტო: Netflix

პინოქიოს ისტორია ყველასთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ ამ ახალ ვერსიაზე ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო მუშაობს, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ნამდვილად საინტერესო სანახაობას ვიხილავთ.

პრემიერის თარიღი: ზუსტი დრო უცნობია

2. ტომი და ჯერი / Tom and Jerry

დიახ, ლეგენდარული პერსონაჟები ეკრანზე ბრუნდებიან და კრძალვითა და ცახცახით ველით მათ ხილვას: იმედია, მოლოდინებს არ გაგვიცრუებენ.

პრემიერის თარიღი: 26 თებერვალი

1. რაია და უკანასკნელი დრაკონი / Raya and the Last Dragon

დისნეი ახალ პრინცესას გაგვაცნობს, ამავდროულად კი თვალწარმტაც სამყაროში გვამოგზაურებს. თუ რამდენად დაძაბული და შთამბეჭდავი ისტორია გველის, ამაში მისი ტრეილერიც დაგარწმუნებთ.

პრემიერის თარიღი: 5 მარტი