თბილისის მერი, კახა კალაძე კორუფციის ბრალდებით ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი გადაცდომები მიუღებელია.

"ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგევალათ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ კუთხით. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა", — აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, კალაძის თქმით, უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დაარღვევს და გამოძიება დაადგენს, "რასთან გვაქვს საქმე".

"თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანნი და თანაბარნი ვართ", — აღნიშნა კალაძემ.

25 იანვარს ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ ის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა და უთხრა, არ მიეღო მონაწილეობა კონკურსში, რადგან მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვება სურდა, უარის მიღების შემდეგ, კი აღნიშნულ მათზე ზეწოლას ახორციელებდა.