"მაგათ ჩემი მტერი ენდო" — ამ სიტყვებს იყენებს სხალთის ეპარქიის მიტროპოლიტი აშშ-ის, ჩინეთის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და კორონავირუსის ვაქცინის წინააღმდეგ. ქადაგებას, რომელიც ჰომოფობიური და ანტივაქსერული განცხადებებითაა გაჯერებული, თან გასდევს მოწოდება იმაზე, რომ ხალხი დასავლურ ინსტიტუტებს არ უნდა ენდოს.

ვაქცინის არასანდოობის "დამტკიცებას" მიტროპოლიტი სამედიცინო ტერმინებით ცდილობს და მრევლს ეუბნება, რომ არ არის გასული საკმარისი დრო, რომელიც საჭიროა ვაქცინის ეფექტურობის გამოსაცდელად. მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტს კორონავირუსის არსებობის არ სჯეროდა, "მორონას", "ჯანდაბას და ოხრობას" ეძახდა, შემდეგ კი თავადვე დაინფიცირდა, ახლა მაინც ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს, რადგან არ ენდობა. ამავროულად ამტკიცებს, რომ აცრის წინააღმდეგი არ არის და კორონავირუსის ვაქცინის არასანდოობის დასამტკიცებლად ამბობს, რომ ბავშვობაში სხვა აცრები გაკეთებული აქვს.

ის თავს ესხმის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავრცელებს მითებს, თითქოს ორგანიზაციის მიზანი მსოფლიოს გარყვნა და ანტიქრისტესთვის გზის მომზადებაა. მიტროპოლიტი მითებს ავრცელებს ბილ გეიტზეც და მას "ხალხის სოდომისა და გომორის ცოდვისკენ" მიდრეკის სურვილში ადანაშაულებს.

ქადაგების ბოლოს სპირიდონი მრევლს ურჩევს, ნუ იქნებიან არასერიოზულები, "ქარაფშუტულად ნუ მოიქცევიან"

სპირიდონის ქადაგება ფეისბუქგვერდ "ღმერთი სამშობლო ადამიანზე" გამოქვეყნდა და 24 იანვრითაა დათარიღებული. ამ ფეისბუქგვერდიდან ქადაგებები არაერთხელ გადაუზიარებია სხალთის ეპარქიას.