გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან აპირებს ლაპარაკს, რადგან ის ჰგონია ერთადერთი, ვისაც ოპოზიციის ბედი აღელვებს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. დამაზუსტებელ კითხვაზე, ამბობს თუ არა ამას სერიოზულად, მეგრელიშვილი პასუხობს: "კი, კი აბსოლუტურად. რატომაც არა".

ამ საკითხზე საუბარი მეგრელიშვილმა მაშინ დაიწყო, როდესაც გადაცემა რეაქციის წამყვანმა ჰკითხა, ხომ არ გადაუფიქრებიათ პარლამენტში არშესვლა. პასუხად მეგრელიშვილმა თქვა:

"არა. მე უკვე ვფიქრობ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს ველაპარაკო და მასთან გამოვძებნო რაღაც საერთო ენა. მას ავუხსნა".

მისი თქმით, აინტერესებს რა გეგმები აქვს ოპოზიციას ამ კრიზისში და რაზე იღებს პასუხისმგებლობას. მისივე თქმით, სააკაშვილს შეეხმიანება და თუ ის დათანხმდება ოპოზიციის ბედზე სასაუბროდ პოდკასტშიც დაპატიჟებს.

"მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვიღაცას უნდა ადარდებდეს ქვეყანაში ოპოზიციის ბედი და როგორც ჩანს, ეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე რაღაცას ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია არის მიხეილ სააკაშვილი და დაველაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილს", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ, 25 იანვარს განაცხდა, რომ ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან მას "ცუდი" სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მელია "დაემუქრა კიდეც". ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ეს საუბარი "ემოციური" იყო და მელია მათ გაუბრაზდა.

"ნიკა მელია იყო გაბრაზებული ჩვენზე, არ მოიქეცით კარგად, მე ვასრულებდი იმ პირობას, რომელიც მოგეცით, მინდოდა თქვენი შერიგებაო", — განაცხადა მან.

მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის წინ ოპოზიციურ სპექტრში დაძაბულობაა. თავდაპირველად განხეთქილება პარტია მოქალაქეებსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის მოხდა. მოგვიანებით, კამათი გირჩსა და სხვა პარტიებს შორის დაიწყო.

გაიგეთ მეტი: