ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კონტრაქტორ თანამშრომლებთან შექმნილი სიტუაციის განსამუხტად მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეს.

"ხაზგასასმელია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებისა, გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა სამუშაო ადგილი და ანაზღაურება, მაშინ როდესაც კომპანიების დიდი ნაწილი გაჩერებულია და ადამიანები სამუშაოს გარეშე დარჩნენ", — აცხადებენ GWP-ში.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.

GWP-ში აცხადებენ, რომ კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა, რომელიც კომპანიას დაქირავებული ყავს გარკვეული ვადით და პირობებით, ორი დღეა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა.

"ერთი მხრივ, ისინი არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას", — აცხადებენ კომპანიაში.