აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, მასწავლებლებისადმი მიძღვნილი პირველი ონლაინღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე აჩვენეს პირველი ლედის ვიდეოჩანაწერი, სადაც მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში "გმირული თავდადებისთვის".

"არასდროს ისე არ მიამაყია ჩვენი პროფესიით, როგორც ახლა ვამაყობ", — განაცხადა ჯილ ბაიდენმა, — "პანდემიის პერიოდში მასწავლებლებმა მათი მოსწავლეებისა და სტუდენტებისადმი გმირული თავდადება გამოიჩინეს. ამიტომ, თქვენით კმაყოფილი ერის სახელით, მადლობას გიხდით. ძალიან ძლიერები იყავით. ახლა კი, ჩვენი დროა, თქვენთვის გამოვიჩინოთ სიძლიერე".

საგანმანათლებლო სფეროში წლების განმავლობაში აქტიურად ჩართულმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ მისი ქმრის პრეზიდენტობის პერიოდში კვლავ აპირებს სწავლების გაგრძელებას. მან ასევე დასძინა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის გეგმა პანდემიის პერიოდში სკოლების უსაფრთხოდ გახსნასაც მოიაზრებს.

ვირტუალურ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა გაერთიანების ხელმძღვანელებიც. მასწავლებელთა კავშირის პრეზიდენტმა, რენდი ვაინგარტენმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებული ადამიანები ბაიდენების თანამდებობაზე ყოფნის გამო "დაფასებულად" გრძნობენ თავს.

"ამჟამად თეთრ სახლში ვმუშაობთ პედაგოგთან ერთად, რომელმაც ჩვენი შვილების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იცის. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი", — აღნიშნავს ვაინგარტენი.

პრეზიდენტობის პირველი 48 საათის განმავლობაში ბაიდენმა არაერთ განკარგულებას მოაწერა ხელი, მათ შორის "სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნის და მუშაობის გაგრძელების მხარდაჭერას". ჯილ ბაიდენის თქმით, მისი ქმარი მეცნიერებას და გამოცდილებას ეყრდნობა და მუდმივადაა ჩართული პედაგოგებთან ურთიერთობაში.

"კორონავირუსთან გასამკლავებლად მას ეროვნული სტრატეგია აქვს შემუშავებული, სკოლების უსაფრთხო გახსნა კი ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია", — აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ჯილ ბაიდენი, რომელიც ოთხ აკადემიურ ხარისხს, მათ შორის დოქტორის ხარისხსაც ფლობს, ჩრდილოეთ ვირჯინიის სახალხო კოლეჯში რვა წლის განმავლობაში ასწავლიდა — მაშინ, როცა იგი ჯერ კიდევ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის ცოლი და ქვეყნის მეორე ლედი იყო.

"თუკი ჩვენ თეთრ სახლში შევალთ, მე მაინც გავაგრძელებ სწავლებას", — აღნიშნა ბაიდენმა გასული წლის აგვისტოში, — "მნიშვნელოვანია და მსურს, ადამიანებმა მასწავლებლები დააფასონ და მათი წვლილის შესახებ იცოდნენ".