სახალხო დამცველის შეფასებით, აგვისტოს ომზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მიმდინარე პროცესზე. ICC პროკურატურის ოფისი 2016 წლიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ნაწილში იქნება მნიშვნელოვანი.

"ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას და აღნიშნულზე პასუხისმგებელ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ცნო. ქართველ სამხედრო ტყვეთა წამების გამო დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირთა გამოვლენა და მათთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს", — აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სტრასბურგის გადაწყვეტილების განმარტებაში სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ მას საქართველოსთვის სამართლებრივი და ისტორიული კუთხით უდიდესი მნიშვნელობისაა. როგორც აღნიშნულია, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა.

"აღნიშნული პერიოდის შემდგომ, რუსეთის ძლიერი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულება/დაქვემდებარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს "ეფექტიან კონტროლს" აღნიშნულ ტერიტორიებზე. ამავდროულად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი ვალდებულება აქვს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება საკუთარ სახლებში", — აღნიშნავს სახალხო დამცველი.

2021 წლის 21 იანვარს, 12 წლიანი ლოდინის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე — საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II). გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებს ეხება.

აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

  • სიცოცხლის უფლება;
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება;
  • სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება;
  • საკუთრების დაცვა;
  • განათლების უფლება;
  • მიმოსვლის თავისუფლება.

ამავე თემაზე: