ინიციატივის რამდენიმეწლიანი დაყოვნების შემდეგ, ამერიკელი პოლიტიკური აქტივისტი, ჰარიეტ ტაბმენი მალე, შესაძლოა, 20-დოლარიან კუპიურაზე გამოჩნდეს.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია პროცესების დაჩქარებას აპირებს, რათა ტაბმენმა ფულის კუპიურაზე ოფიციალურად ჩაანაცვლოს ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტი, ენდრიუ ჯექსონი.

"აშშ-ის სახაზინო სამსახური ჰარიეტ ტაბმენის $20-იან კუპიურაზე გამოსასახავად მუშაობას აგრძელებს", — აღნიშნა საკიმ 25 იანვარს, — "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კუპიურები და ფული ქვეყნის ისტორიასა და მრავალფეროვნებას ასახავდეს, ჰარიეტ ტაბმენის 20-დოლარიან კუპიურაზე გამოსახვა კი ნამდვილად შეასრულებს ამ საქმეს. ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს, რათა ეს პროცესი დაჩქარდეს, თუმცა მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე, ცხადია, სახაზინო სამსახური განაცხადებს".

სახაზინო სამსახურის მდივნად ბაიდენმა ჯენეტ იელენი წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე მყოფი პირველი ქალი იქნება.

პრეზიდენტ ჯექსონის პორტრეტის მეცხრამეტე საუკუნის აბოლიციონისტების ლიდერით ჩანაცვლების იდეა ჯერ კიდევ ობამას თანამდებობაზე ყოფნის დროს გაჩნდა, როცა სახაზინო სამსახურის იმჟამინდელმა მდივანმა, ჯეკ ლიუმ ინიციატივა გააჟღერა.

ლიუმ ტაბმენის ისტორია "ამერიკული დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად" შეაფასა. აბოლიციონისტი და სამოქალაქო აქტივისტი მონობაში დაიბადა, თუმცა მიწისქვეშა რკინიგზის გამოყენებით სხვებს გაუძღვა თავისუფლებისაკენ. იგი ასევე იყო მოკავშირეთა, იგივე ჩრდილოეთის არმიის ჯაშუში აშშ-ის სამოქალაქო ომის პერიოდში, მოგვიანებით კი გახდა სუფრაჟისტული მოძრაობის მხარდამჭერიც.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ტაბმენის კუპიურაზე გამოსახვის დამტკიცების პროცესი შენელდა. სახაზინო სამსახურის მაშინდელმა მდივანმა, სტივენ მანუჩინმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჭირო იყო, ჯერ $10 და $50 დოლარის კუპიურების დიზაინი შეცვლილიყო.

თავის დროზე, რატომ ჩაანაცვლა კუპიურაზე ენდრიუ ჯექსონმა პრეზიდენტი კლივლენდი, უცნობია. სახაზინო სამსახურის განცხადებით, ამერიკულ ვალუტაზე გამოსახული ადამიანები ის "გარდაცვლილი პირები არიან, რომელთა სახელებსაც ამერიკელი ხალხი კარგად იცნობს", კუპიურების ამჟამინდელი დიზაინი კი 1928 წელს შეირჩა.

"სამწუხაროდ, ჩვენი ჩანაწერები არ მიუთითებს, რატომ შეირჩნენ კონკრეტული პრეზიდენტები და ცნობილი ადამიანები კუპიურებზე გამოსასახავად", — აღნიშნავს სამსახური.

მიუხედავად ამისა, ჯექსონის ვალუტაზე გამოსახვა დიდი ხნის განმავლობაში იწვევდა განხეთქილებას, რადგან ქვეყნის მეშვიდე პრეზიდენტის სახელს ეგრეთ წოდებული ინდიელებისგან გაწმენდის აქტის მიღება უკავშირდება. ეს აქტი ერთგვარად ეთნოწმენდის მცდელობა იყო, რადგან ადგილობრივი ამერიკელებისგან მათი სამკვიდროს დატოვებასა და თეთრკანიანი სამხრეთელებისთვის გადაცემას მოითხოვდა.

საინტერესოა ისიც, რომ ჯექსონი, რომელსაც საკუთარ პლანტაციაში 100-ზე მეტი მონა ჰყავდა, ქაღალდის ფულის მოხმარების წინააღმდეგი იყო და მას ოქროს და ვერცხლის მონეტებს ამჯობინებდა.