გასული წლის დეკემბერში მუსიკოსმა FKA Twigs-მა ყოფილი პარტნიორის, შაია ლაბაფის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მუსიკოსის მტკიცებით, მსახიობი მასზე ემოციურად და ფიზიკურად ძალადობდა, რის შედეგადაც პოსტტრავმული სტრესი განუვითარდა.

პოდკასტში, სახელწოდებით Grounded, მომღერალმა ძალადობრივი ურთიერთობის დეტალები გაიხსენა და ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი.

"ეს პრობლემა საზოგადოებაში მწვავედ დგას, მაგრამ რატომღაც არავინ საუბრობს. ლაბაფი ჩემს ემოციურ და სულიერ საზღვრებს არღვევდა. რესტორნის მომსახურე პერსონალთან თუ ნებისმიერ ადამიანთან თავაზიან მოპყრობას ფლირტად თვლიდა და მათთან ურთიერთობის გაბმის სურვილს მაბრალებდა. მეუბნებოდა, რომ რადგანაც კარგად ვიცოდი მისი ხასიათი, სიყვარულის ნიშნად სხვა კაცებისთვის თვალებში არ უნდა შემეხედა. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება 4 თვის განმავლობაში", — განაცხადა მუსიკოსმა.

შაია ლაბაფს მომღერალი FKA Twigs ფიზიკური და ემოციური ძალადობის ბრალდებით უჩივის

როგორც FKA Twigs ამბობს, ლაბაფს ფიზიკური კონტაქტის ოდენობაზე "კვოტა" ჰქონდა დაწესებული: კვოტის შეუსრულებლობა ჩხუბით მთავრდებოდა.

"მისი წინა პარტნიორი "საჭირო რაოდენობის" ფიზიკურ კონტაქტზე პრეტენზიას არ გამოთქვამდა, მე კი ამ კრიტერიუმს ვერ ვაკმაყოფილებდი. ყველა შეხება და კოცნა უნდა დამეთვალა, მაგრამ ეს არასდროს მიქნია, არც კი ვიცოდი, რა რაოდენობა იყო საკმარისი. კვოტის შეუსრულებლობა რამდენიმესაათიან კამათს იწვევდა, რომლის დროსაც შაია თავს ყველაზე საშინელ ადამიანად მაგრძნობინებდა. ერთ-ერთი ინციდენტისას, ფაქტობრივად, მახრჩობდა, მისი რეაქცია ზედმეტად სერიოზული იყო, რამაც გამომაფხიზლა და მიმახვედრა, რომ ამ ურთიერთობიდან თავი უნდა დამეღწია", — აღნიშნა FKA Twigs-მა.

მუსიკოსმა ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების ცენტრში დარეკა და თერაპევტთან კონსულტაციებმა მას მისცა შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობა დაესრულებინა.

"ურთიერთობის გაწყვეტა შეუძლებლად მიმაჩნდა, ვგრძნობდი, რომ ის მაკონტროლებდა, დაბნეული და უძლური ვიყავი, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმის მეშინოდა. ხალხი ყოველთვის მსხვერპლს ეკითხება: "რატომ არ მიატოვე?", მაგრამ მოძალადეს არავინ ეკითხება" "რატომ აქციე ადამიანი ძალადობრივი ურთიერთობის მძევლად?". შეიძლება სამართლიანად მოეჩვენოს ვინმეს მსგავსი კითხვის დასმა ჩემთვის, მაგრამ ასეთ გამოცდილებაზე საუბარი მსხვერპლისთვის დიდი, რთულად ასახსნელი ტვირთია", — განაცხადა FKA Twigs-მა.